მივმართავ პროკურატურას: მალე ზაფხული მოვა და დაცხება, სიცხეში ტყეებში ხანძრის რისკი იზრდება... მოდით, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც შემიკერეთ - ალეკო ელისაშვილი
“ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი, ბრალდებული ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს ჩემი მორიგი სასამართლოა და აქვე მივმართავ თხოვნით პროკურატურას - მოგეხსენებათ მალე მოვა ზაფხული და დაცხება. სიცხეში იზრდება ტყეებში ხანძრების რისკი. მერე რომ არც თქვენ იწვალოთ და არც მე, თაკარა მზეში დაკითხვებზე და სასამართლოზე რომ არ მატაროთ, მოდით საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც შემიკერეთ. სადაც ორი, იქაც ბარემ სამი. თქვენი რა მიდის. ეს შეთავაზება ზაფხულამდეა ძალაში!”
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ბრალი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 323-ე მუხლით წაუყენეს, რაც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს. 2026 წლის მარტში კი, მას ბრალი მეორე ეპიზოდზე წარედგინა. პროკურატურის მტკიცებით, ალეკო ელისაშვილმა თბილისის სასამართლოს შენობაში ცეცხლის გაჩენა 2025 წლის 4 მაისსაც სცადა.