საქართველოში კრიტიკული მედიის სისტემური შევიწროება გრძელდება, „ქართული ოცნება“ მედიის ხმის ჩასახშობად ფინანსურ სანქციებს იყენებს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, საქართველოში კრიტიკული მედიის სისტემური შევიწროება გრძელდება და, ორგანიზაციის შეფასებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მედიის ხმის ჩასახშობად ფინანსურ სანქციებს იყენებს.
DRI-ის ინფორმაციით, სატელევიზიო, ონლაინ და რადიომაუწყებლობების შემდეგ, ზეწოლა რეგიონულ მედიაზეც გავრცელდა. ორგანიზაციის მონაცემებით, 2025 წელს 17-მა რეგიონულმა მაუწყებელმა შეწყვიტა საქმიანობა. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „ჰერეთისა“ და „რადიო თბილისის“ მაუწყებლობის შეჩერება სარეკლამო შემოსავლების კლებასა და ფინანსურ ბარიერებს უკავშირდება.
ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს. მაგალითად დასახელებულია ტელეკომპანია „თრიალეთი“, რომლის მაუწყებლობის შესაძლო შეჩერება, DRI-ის განცხადებით, შიდა ქართლში დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის პლატფორმის დაკარგვას ნიშნავს. ამავე კონტექსტში, პრესრელიზში ნათქვამია, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულ მსხვილ მაუწყებლებს, მათ შორის „რუსთავი 2“-ს, მრავალმილიონიანი დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა ეძლევათ, მაშინ როცა რეგიონული ტელევიზიის შემთხვევაში შედარებით მცირე ვალის გამო ინკასო და ყადაღა გამოიყენება, რაც მაუწყებლობის პარალიზებას იწვევს.
DRI ასევე მიუთითებს, რომ პროსამთავრობო მედიებისთვის საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის ფონზე, კრიტიკულ მედიასაშუალებებს — „ფორმულასა“ და „TV პირველს“ — ქონებაზე სასამართლო ყადაღა დაედო, რაც ორგანიზაციის შეფასებით, შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული ფინანსური ზეწოლის მაგალითია.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მსგავსი გარემოს შედეგად „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა, ხოლო „ფორმულა“ და „TV პირველი“ ფუნქციური გაჩერების საფრთხის წინაშე დგანან. ორგანიზაცია ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას (Manole v. Moldova; Informationsverein Lentia v. Austria) და აცხადებს, რომ მედიის დახურვა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას წარმოადგენს.
DRI-ის შეფასებით, საგანგაშოა კომუნიკაციების კომისიის მიერ შინაარსობრივი კონტროლის ტენდენცია. ორგანიზაციის განცხადებით, კომისია რეკომენდაციებიდან სანქცირების რეჟიმზე გადავიდა და „მიუკერძოებლობის“ სტანდარტის სუბიექტური ინტერპრეტაცია სადამსჯელო მექანიზმად გამოიყენება. მაგალითად სახელდება ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა „ოლიგარქი“ ან „რეჟიმი“, რაც, პრესრელიზის მიხედვით, შესაძლოა სანქციებისა და სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ 2026 წლის 4 მარტს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი კრიტიკული მედიისთვის საერთაშორისო დაფინანსებას სისხლისსამართლებრივ რისკად აქცევს, რაც, მათი შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან საინფორმაციო სივრცეზე მონოპოლიის დამყარების მცდელობაზე მიუთითებს.
DRI-ის განცხადებით, მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკური ზეწოლით იწყება და სამართლებრივი კრიმინალიზაციით გრძელდება, საბოლოოდ კრიტიკული მედიის ფუნქციურ პარალიზებასა და განადგურებას ემსახურება.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ზეწოლა ონლაინ მედიაზეც ვრცელდება. მათი შეფასებით, სოციალური პლატფორმების მონიტორინგი და „გამჭვირვალობის კანონის“ ფარგლებში ონლაინ გამოცემების რეგისტრაციის ვალდებულება თვითცენზურის ზრდას იწვევს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოითხოვს, შეწყდეს მედიის შინაარსობრივი კონტროლი, შერჩევითი სამართლის გამოყენება და ინსტიტუციური ნეიტრალიზაციის პროცესი, რომელიც, მათი განცხადებით, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ ვალდებულებებს.
ორგანიზაცია ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობასა და შესაბამის ინსტიტუტებს, გამოიყენონ დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტები საქართველოში მედიაპლურალიზმის, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლის უზენაესობის სტანდარტების დასაცავად.