კომენტარი
    2026-04-24 | 12:03

    10 მილიონი დოლარი აბსურდია, მიშამ რამე თუ იცის ამასთან დაკავშირებით, შეუძლია, ახსნას - ნიკა გვარამია

    10 მილიონი დოლარი აბსურდია, მიშამ რამე თუ იცის ამასთან დაკავშირებით, შეუძლია, ახსნას - ნიკა გვარამია

    „ოპოზიციის ალიანსი“ არის ისევ ისეთი, როგორიც იყო მანამდე, „ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პასუხად გაკეთდა,  ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ განცხადება გაკეთდა არა კრიტიკის, არამედ პერსონალური თავდასხმის გამო, იგულისხმება ნიკა მელიაზე თავდასხმა.

    „ყველას შევახსენებ, როცა პარტიას ციხეში ჰყავს ლიდერი, ამ დროს ყოველთვის გაცილებით უფრო მაღალია მგრძნობელობა. ჩემზე რომ ეთქვა, მე საერთოდ არ ჩავთვლიდი საჭიროდ პასუხის გაცემას, მაგრამ ნიკა მელია იგივე შემთხვევაა, იგი ციხეშია, პოლიტპატიმარია და ციხიდან საკუთარი უფლებების დაცვას ვერ მოახერხებს. ჩვენ მორალური ვალდებულებაც გვაქვს, რომ ეს გავაკეთოთ. ჩვენ ეს ჩავთვალეთ პირად თავდასხმად ნიკა მელიაზე და, რომელიც, სხვათ აშორის, სააკაშვილმა თავისი პოსტიდან ამოიღო.

    მე ყველას შევახსენებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი შემადგენლობით იმყოფება ალიანსის სხდომებზე და მას შეუძლია, თავისი ლიდერის პოზიციები მათ შორის იქ დაიცვას.

    ფულს რაც შეეხება, ძალიან ბევრჯერ მაქვს პასუხი გაცემული. 10 მილიონი დოლარი, რა თქმა უნდა, აბსურდია. მიშამ თუ რამე იცის ამასთან დაკავშირებით, შეუძლია, ახსნას. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ნიკა გილაურთან თანამშრომლობამ გამოიწვია რაიმე ფორმით ჩვენი უარი ვინმესთან გაერთიანებაზე, ეს ასე არ ყოფილა, ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა გვარამიამ.

    ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 21 აპრილს სოციალურ ქსელში დაწერა: „ივანიშვილმა სხვადასხვა პირის მეშვეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბზარი შეიტანა 2016 წელს, როცა დიდი ჯგუფი გამოგვეყო, რამაც რეჟიმი მკვეთრად გააძლიერა. 2018 წელს, როცა ბაქრაძე დაგვიყენეს საპირწონედ და ამან ჩაშალა ოპოზიციის გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში და 2024 წელს, როცა ივანიშვილის მიერ გილაურის სცენაზე შემოყვანით და მის მიერ დახარჯული 10 მილიონი დოლარით შეუძლებელი გახდა ერთი სიით გასვლა არჩევნებზე. უფრო მეტიც, ოპოზიციურ ტელევიზიებში (ერთ-ერთი მათგანის შექმნაში და შენარჩუნებაში ჩემი როლი გადამწყვეტი იყო) მთლიანად დამბლოკეს. შესაბამისად, ოპოზიციამ ვერ შეძლო არჩევნებში ხმების შენარჩუნება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

    ამასთან, 23 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოთ რეჟიმის მიერ შემოგზავნილი სუბიექტების ფულის აღება ვითომ უმნიშვნელო კომპრომისების ფასად, უნდა შევწყვიტოთ პიროვნული გარჩევები“.