სწორ გზაზე ვდგავარ, დავრწმუნდიო, - მტკიცედ ამბობს პროტესტანტი ხელოვანი, რამ დაარწმუნა და… ალბათ იგივემ, რამაც დააბერა - ნატო ჩხეიძე
ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:
“სერიიდან: ჩემი თანამედროვე
- ამ შვიდმა თვემ დამარწმუნა იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავარ. ჩემი ადგილი ან რუსთაველზეა, აბ ციხეში - ამბობს პაატა ბურჭულაძე სასამართლოში, განაჩენის გამოტანამდე.
რუსთაველზე ყოველდღიური პროტესტია ძალადობის წინააღმდეგ, თავისუფლებისა და ევროპული გზის მოსაპოვებლად, შაბათობით, შედარებით მასშტაბური, თუმც ძახილი: გამოდით, გამოდით,- სულ ისმის.
ციხეში დამნაშავეებთან ერთად პროტესტანტებიც არიან, ძალადობრივ ქვეყანაში პროტესტი ხომ დანაშაულია და ივსება და ივსება საკნები პროტესტანტებით, თავისუფალ სამყაროში პოლიტიკური პატიმრები რომ ჰქვიათ და ჩვენში კი - წვრილმანი ხულიგნები, -
ან სწორად რომ ვერ დამდგარან ქუჩაში, ან მარჯვედ რომ ვერ დაუჭერიათ დროშა, ან უდროო დროს რომ უყვირიათ და ძილი დაუფრთხიათ თანაქალაქელებისთვის, ან იმისთანა რამ უთქვამთ, რომ თავი მეტად შეურაცხყოფილად უგრძვნიათ სხვებს , ერთ/ორს, ბევრმაც არა, მაგრამ ერთი თუ ორი ცოტაა განა, არ უნდა ჭრიდეს ქვეყნის სამართალი იმ ერთისა თუ ორისთვის?
გამოდით, გამოდით მაგ საკნებიდან, ბიჭებო და გოგოებო, ბიძებო და ბებოებო, - ამათ გამოსვლისთვისაც ისმის რუსთაველზე ის ძახილი: გამოდით, გამოდით…
პაატა ბურჭულაძე სულ რუსთაველზე იყო, წვრილმანი ხულიგანი დიდ დამნაშავედ გადაიქცა და რუსთაველიდან ციხეში აღმოჩნდა.
ვინც ციხიდან გამოდის, რუსთაველზე მიდის, ზოგ გამოსულს იღებენ რუსთაველელები და ზოგს ისე რა, ზოგს - არა, ამითაც გაარჩევ, ციხეგამოვლილს რა თამასა გადაულახავს, - პალოზე გამობმული თოკის სიმაღლე თუ ჭოკით მხტომელისა.
სწორ გზაზე ვდგავარ, დავრწმუნდიო, - მტკიცედ ამბობს პროტესტანტი ხელოვანი,
რამ დაარწმუნა და…
ალბათ იგივემ, რამაც დააბერა:
მტერ-დუშმნის სახლში შევარდნამ,
ვერ შეყრამ თემობისამა,
მრავალჯერ ფეხის დადგმამა თავისისამ და სხვისამა,
ერთგულის გაორგულებამ, აყოლამ სხვა და სხვისამა,
თავზე ასრიგის გადავლამ ჭორისამ, საძრახისამა,
არწივის ჩამაქროლამა, წაღებამ წილ-კერძისამა;
კაის დროების წასვლამა, ვერ მოსვლამ უკეთისამა.”