პოლიტიკა
    2026-05-11 | 15:34

    რაც შეეხება "ამერიკა და ევროპა გვიშველის", მინდა ცივი წყალი გადაგასხათ - მიხეილ სააკაშვილი

    რაც შეეხება "ამერიკა და ევროპა გვიშველის", მინდა ცივი წყალი გადაგასხათ - მიხეილ სააკაშვილი

    რაც შეეხება "ამერიკა და ევროპა გვიშველის", მინდა ცივი წყალი გადაგასხათ. იყო ამერიკის დელეგაცია და ნათლად დაგვიფიქსირა, რომ არანაირი ჩახუტება და გადატვირთვა რეჟიმთან არ იქნება, მაგრამ ამერიკას არ აღელვებს ადამიანის უფლებების და დემოკრატიის საკითხი საქართველოში და არ აპირებს მტყუან-მართლის გარკვევას ქართულ პოლიტიკაში , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    „გახსოვთ "მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გამოვა" - ჩამოვედი, ავხმაურდით, ვიმოძრავეთ და გავჩერდით (ან გაგვაჩერეს).

    ახლა მესმის "თუ მიშა არ გამოვა, არაფერი არ გამოვა" რაც არაფრის მომცემი ლოზუნგია და მაინც მთავარი გაბატონებული ნარატივია - დასავლეთი მოგვაშორებს ამათ და რაღაც სპონტანური აფეთქება აუცილებლად დაამხობს რეჟიმს.

    რაც შეეხება "ამერიკა და ევროპა გვიშველის", მინდა ცივი წყალი გადაგასხათ. იყო ამერიკის დელეგაცია და ნათლად დაგვიფიქსირა, რომ არანაირი ჩახუტება და გადატვირთვა რეჟიმთან არ იქნება, მაგრამ ამერიკას არ აღელვებს ადამიანის უფლებების და დემოკრატიის საკითხი საქართველოში და არ აპირებს მტყუან-მართლის გარკვევას ქართულ პოლიტიკაში. ივანიშვილთან კი ითანამშრომლებენ ზუსტად იმ დონემდე, რამდენადაც ის დისტანცირდება ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგე ჩინეთისგან.

    ევროპაც, ახლა იმდენად არის დაკავებული უკრაინით, რომ საქართველოსთვის ძირითადად მხოლოდ ევროპარლამენტის რეზოლუციების დონეზე იცლის და ეს რეზოლუციები ჯერჯერობით კონკრეტულ მიდგომაში არაა გადაზრდილი.

    ამიტომ დიქტატურა ერთის მხრივ ხალხს ატყუებს, რომ "ლაგდება" დასავლეთთან, მეორე მხრივ "4 ოქტომბრის" განაჩენი სწორედ ამერიკული დელეგაციის ვიზიტის დღეს გამოაქვს, რათა ყველას აჩვენოს, რომ დალაგება მოხდება მხოლოდ ივანიშვილის პირობებით.

    იმედი შეიძლება გვქონდეს, თუმცა უკრაინის საბოლოოდ გაძლიერებას კიდევ დრო დასჭირდება და ჯერჯერობით ის იმით გვიწყობს ხელს, რომ თოკავს რუსებს და ამ უკანასკნელს არ აქვს თავი საქართველოში შემოჭრის. ამიტომ ყველაფერი უნდა გადაწყდეს ისევ ჩვენი სიმამაცით, ორგანიზებულობით და გადაწყდეს ხალხის წიაღიდან გამოსული ლიდერების მიერ, როგორც მაგალითად 2014 წლის მაიდანზე, გადამწყვეტი სიტყვა თქვა ლვოვის შემოგარენში პატარა მაღაზიის მფლობელმა, მაიდანის ასულის მეთაურმა, ვოლოდიმირ პარასიკმა, რომელმაც ჩაშალა ამერიკის და ევროპის გავლენის ქვეშ მყოფი ოპოზიციის და იანუკოვიჩის გარიგება და გააქცია იანუკოვიჩი.

    აქაც, პოლიტიკა კეთდება არა ნაყიდი ეთერებით, არა ძვირფასი მანქანებით, დაცვის თანხლებით მოსიარულე ლიდერების მიერ, არა "მარიოტის" ოპოზიციის მიერ, არამედ პირობითად ბათუმში პატარა კაფის მფლობელის, ჩხოროწყუელი მძღოლის, რუსთაველი ავტოსამრეცხაოს თანამშრომლის, მთაწმინდელი ტურისტული გიდის, ქუთაისელი მასწავლებლის, ყვარლელი მცირე მევენახის, ერთი-ორი "ლევან ხაბეიშვილის" და მათთან ერთად აზვირთებული ხალხის მიერ, რომლებიც ნაკლებად უყურებს საერთაშორისო მდგომარეობას და ამოდის უშუალოდ საკუთარი და შვილების ინტერესებიდან და რომელთაც უყვართ თავისი ქვეყანა და სურთ მისი გადარჩენა და ამისთვის რუბიოს ნებართვას არ ელოდებიან და "ევროპა თუ გვიშველის" პრინციპით არ მოქმედებენ.

    რაც შეეხება სპონტანურ აფეთქებას, ის მოხდა 20 ივნისს და შარშან-შარშანწინაც, მაგრამ იმ პირობებში როცა ოპოზიციის ლექსიკაც, გზავნილებიც და ქმედებებიც მთლიანად აცდენილი იყო რეალობას, განწყობას, არანაირი შედეგი არ მოუტანია და თუ ასე გაგრძელდა არც მომავალში მოიტანს.

    საერთოდ სიტყვა "ოპოზიციაც" არსებული სასტიკის რეჟიმის პირობებში არარელევანტურია, იმიტომ რომ ახლა ცალ-ცალკე მოყელყელავე "პარტიების და სინამდვილეში ფეისბუქ კუტოკების ნაცვლად საჭიროა დეცენტრალიზებული ჰორიზონტალური რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობა,“ - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.