საზოგადოება
    2026-05-22 | 17:47

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბულგარეთის ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან შეხვედრა გაიმართა

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბულგარეთის ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან შეხვედრა გაიმართა

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ინოვაციური იდეების ლაბორატორიაში - ბულგარული დარბაზი“ გაიმართა შეხვედრა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მის აღმატებულება, ბატონ ვესელინ ვალკანოვთან. შეხვედრას, რომელიც ორგანიზებული იყო საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტისა და მისი უფროსის, პროფესორ ინდირა ძაგანიას მიერ, ესწრებოდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, სტუდენტები.

    შეხვედრას უძღვებოდა  ინდირა ძაგანია, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს დღე სიხარულით სავსეც არის და სევდითაც. სიხარულით იმდენად, რამდენადაც ელჩი კიდევ ერთხელ სტუმრობს უნივერსიტეტს და სევდიანი, რადგან მას სულ მალე ეწურება საქართველოში საქმიანობის ვადა.

    ინდირა ძაგანიამ მადლობა გადაუხადა ვესელინ ვალკანოვს ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, უნივერსიტეტთან მეგობრობისთვის, თანადგომისთვის, იმ არაერთი საერთო და წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ელჩობის პერიოდში განხორციელდა.

    - მოხარული ვართ, რომ გვესტუმრეთ. ჩვენ დიდი და ტრადიციული ურთიერთობები გვაკავშირებს და, ვიმედოვნობთ, რომ გზად და ხიდად გადებული ეს მეგობრობა კვლავაც გაგრძელდება, - აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა,  თეა ჯუღელმა და ელჩი „სსუ მეგობრის დიპლომით“ დააჯილდოვა. 

    - სოხუმის უნივერსიტეტი ის ადგილია, რომელსაც ყველაზე ხშირად ვესტუმრე საქართველოში მუშაობის პერიოდში, - თქვა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა ვესელინ ვალკანოვმა, -  იმედი მაქვს, რომ ბულგარეთისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით უნივერსიტეტში ბულგარული ენისა და კულტურის შემსწავლელთა რიცხვი უფრო და უფრო გაიზრდება. მადლობელი ვარ და წარმატებებს ვუსურვებ სოხუმის უნივერსიტეტსა და მთელ საქართველოს! - დასძინა ვესელინ ვალკანოვმა.

    სსუ-ის ბულგარული ენისა და კულტურის მასწავლებელმა, ივანა პეტკოვამ მადლობა გადაუხადა ელჩს უნივერსიტეტთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ისაუბრა 24 მაისზე,  როგორც ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაულზე, რომელიც ბულგარეთში საყოველთაო ზეიმით აღინიშნება, წმ. კირილესა და მეთოდეზე, მათ საგანმანათლებლო მოღვაწეობაზე. ივანა პეტკოვამ დამსწრეთ წარუდგინა თავისი სტუდენტები, რომლებიც მონდომებით სწავლობენ ბულგარულ ენასა და კულტურას სსუ-ში და ყოველმხრივ ცდილობენ ქართულ-ბულგარული ურთიერთობების გაღრმავებას. 

    ახალგაზრდებმა, სსუ-ის სტუდენტებმა: აისუნ მამედოვამ, ლიზი ფიფიამ, მარიანა ნერსოსოვმა წაიკითხეს  ბულგარელი პოეტების ლექსები. დამსწრეთა წინაშე საკუთარი თარგმანებით წარსდგა საგამომცემლო ჯგუფის უფროსი რობერტ მესხი. სტუდენტებმა ელჩს ლამაზად ილუსტრირებული „დედაენა“ უსახსოვრეს.

    დასასრულ, ელჩმა კიდევ ერთი სამახსოვრო საჩუქარი მიიღო ინდირა ძაგანიასგან - სსუ-ში მისი თითოეული ვიზიტის, საელჩოსა და უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ღონისძიებათა ამსახველი ფოტოსურათების ალბომი შესაბამისი ქართულ-ბულგარული ტექსტებით, რომლებშიც ელჩის მიმართ მადლიერება და დიდი პატივისცემა უკვე წერილობითი სახითაც გამოსჭვივის.

    როგორც ვესელინ ვალკანოვმა აღნიშნა, სამშობლოში, ბულგარეთში დაბრუნების შემდეგ ეს მისი სამაგიდო ალბომი იქნება.