შეშფოთებას იწვევს ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსეთის ჯარები მოლდოვასა და საქართველოში, ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ - კაია კალასი
ევროკავშირს უკრაინაზე მოლაპარაკებების ფარგლებში შეუძლია, მოსთხოვოს რუსეთს არმიის შემცირება, მოლდოვიდან და საქართველოდან ჯარების გაყვანა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე, ლიმასოლში ჩასვლისას.
„რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებშიც ის ვალდებულებას იღებდა, არ დაესხას თავს მეზობლებს და პატივი სცეს მათ სუვერენიტეტს, მაგრამ არის სხვა საკითხებიც. მაგალითად, უკრაინისგან მოთხოვნილი დათმობების სარკისებური შესრულება. თუ საუბარია შეიარაღებული ძალების შემცირებაზე, ეს რუსეთსაც უნდა შეეხოს. და, რა თქმა უნდა, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ისეთი საკითხები, როგორიცაა რუსეთის ჯარები მოლდოვასა და საქართველოში. ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ. ისინი არ ერეოდნენ სხვა ქვეყნების არჩევნებში“,- თქვა კალასმა.
კალასმა აღნიშნა, რომ ეს „მაქსიმალისტური მიდგომაა“.
„მაგრამ რუსეთის მიდგომაც ჯერჯერობით მაქსიმალისტურ მოთხოვნებზეა დაფუძნებული“, – აღნიშნა კალასმა.