საზოგადოება
    2026-06-02 | 07:28

    თბილისში ლეგენდარულმა " Deep Forest”-მა კონცერტი გამართა

    თბილისში ლეგენდარულმა " Deep Forest”-მა კონცერტი გამართა

    თბილისში, ჯაზ-ბარ "არტერიაში" ლეგენდარული ფრანგული მუსიკალური პროექტის - "Deep Forest”-ის კონცერტი გაიმართა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ერიკ მუკე საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობდა. იგი ჩვენს ქვეყანაში "არტერიას" მოწვევით ჩამოვიდა.

    როგორც "მედიანიუსს" ჯაზ-ბარში განუცხადეს, "Deep Forest”-ის  შემოქმედებამ დროს გაუძლო, მისი მუსიკა ახალგაზრდა თაობისთვისაც კი ნაცნობი და პოპულარულია. ეს ჯგუფიც სწორედ ამ ნიშნით შეირჩა.

    როგორც "მედიანიუსს" ერიკ მუკემ განუცხადა, იგი საქართველოში მეორე კონცერტის ჩატარებას სიამოვნებით დათანხმდა. მისი შეფასებით, ქართველი ხალხი მეგობრული და სტუმართმოყვარეა. მუსიკაც ყველას უყვარს.

    "მგონია, საქართველოში სიმღერა ყველას მოსწონს. სადაც დავდივარ, ყველგან მუსიკის ხმა ისმის. ქართულ ხალხურ სიმღერებს ვიცნობ და ძალიან მომწონს. ძველი თბილისი დავათვალიერე. ძალიან ლამაზია. ადგილობრივი სამზარეულოთიც მოვიხიბლე", - აღნიშნა ერიკ მუკემ.

    შეგახსენებთ, რომ "Deep Forest" ელექტრონულ მუსიკასა და ეთნიკურ ხმებს აერთიანებს. ის 1992 წელს ერიკ მუკესა და მიშელ სანჩესის ინიციატივით ჩამოყალიბდა. სპეციალისტების შეფასებით, ჯგუფი ელექტრონული მუსიკისა და ეთნიკური მელოდიების საოცარი სინთეზით გამოირჩევა. მას უმაღლესი მუსიკალური ჯილდო "გრემიც" აქვს მოპოვებული. მიშელ სანჩესის მიერ ჯგუფის დატოვების შემდეგ "Deep Forest”-ის ერთპიროვნული ლიდერი ერიკ მუკე გახდა. ამ უკანასკნელმა ბოლო წლებში არაერთი საინტერესო ალბომი გამოუშვა.