თქვენ რომ ბიჭი მოკალით, მე ის ბიჭი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დავმარხე და გგონიათ სახლში თბილ ლოგინს მივაშურე? არა! მე სახლში თქვენთვის დავბრუნდი! – ეკა კუპატაძე
თქვენ რომ ბიჭი მოკალით, მე ის ბიჭი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დავმარხე და გგონიათ სახლში თბილ ლოგინს მივაშურე? არა! მე სახლში თქვენთვის დავბრუნდი! – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ არა მარტო გიგა ავალიანის ღირსება დაიცვა, არამედ საქართველოს მომავალიც დაიხსნა.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავემ მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. მივმართავ იმათ, რომლებიც გარეთ არიან დარჩენილები: თქვენ რომ ბიჭი მოკალით, მე ის ბიჭი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დავმარხე და თქვენ გგონიათ, რომ ჩემი ზრუნვაში გაზრდილი შვილი მიწაში რომ ჩავფინე, სახლში თბილ ლოგინს მივაშურე? არა! მე სახლში თქვენთვის დავბრუნდი და ყველა ასე მოისმენთ უმაღლეს სასჯელს, როგორც დღეს მოისმინა ორმა დამნაშავემ.
მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ ახსენა, რომ გიგა ავალიანი იყო სრულად უდანაშაულო, ახალგაზრდა მოსამართლემ უშიშრად, სამართლიანი სიტყვით, ღირსეულად დაიცვა, ღირსეული ახალგაზრდის, გიგა ავალიანის ღირსება. მან არა მარტო ჩემი შვილის ღირსება, არამედ საქართველოს მომავალიც დაიხსნა. მე ვიცი საქმის მასალებით ვინ არიან ესენი“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდადებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9.9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო.
ჩიქოვანს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, 9.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ანი ნასყიდაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, მასაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი 1/4-ით შემცირდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 5.3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
შეგახენებთ, რომ დემეტრე ჩიქოვანი და ანა ნასყიდაშვილი დამნაშავედ 27 მაისს ცნეს.
სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს 5 ეპიზოდს, მათ შორის, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებასა და დიდ დიღომში ძალადობრივ ჯგუფურ მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა. მას აღნიშნულ საქმეში 6.9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩიქოვანთან ერთად გასამართლდნენ ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეც, რომელთაც 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
ბრალდების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ამავე ბრალდების მიხედვით, ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, რის შესახებაც მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.