ბურთი არის „ქოცების“ მოედანზე, მაგრამ „ქოცები“ არიან რუსები, რომლებიც ღალატობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესს - გრიგოლ გეგელია
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებამ საქართველოსთან დაკავშირებით „სრული სიცხადე“ შეიტანა როგორც აშშ-ის საელჩოს მანამდე გავრცელებულ გზავნილებში, ისე ამერიკული დელეგაციების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის წარდგენილ მოთხოვნებში.
როგორც გეგელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს, თუმცა ამას კონკრეტული პირობები ახლავს.
მისი თქმით, აღნიშნული პირობებია ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, შუა დერეფნისა და ანაკლიის პორტის განვითარება, ჩინეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირება, ირანთან დაახლოების შეწყვეტა, ასევე შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა.
„ეს არის ის მკაფიო ნუსხა საკითხებისა, რომელზე მოქმედების გარეშეც არ მოხდება არავითარი სტაბილიზაცია და არ მოხდება არავითარი ურთიერთობების გადატვირთვა. ბურთი არის „ქოცების“ მოედანზე, მაგრამ „ქოცები“ არიან რუსები, რომლებიც ღალატობენ საქართველოს ეროვნულ ინტერესს“, – განაცხადა გეგელიამ.
მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი „სიების აღდგენის თეორიას“ ავითარებენ, რათა აშშ-ის რეალური მოთხოვნები გადაფარონ.
„სამწუხაროდ, პროპაგანდა, პრემიერად წოდებული კობახიძე და რიგი ოპოზიციონერები უაზროდ ავითარებენ სიების აღდგენის თეორიას, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებას აშშ-ის რეალური მოთხოვნების გადასაფარად სჭირდება. თუმცა აშშ-ის მოთხოვნებს ვერ გადაფარავენ პრიმიტიული პროპაგანდით,“ - ამბობს გეგელია.
გეგელიას განცხადებით, საქართველოს კრიზისიდან გამოსვლისთვის აუცილებელია არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა, შუა დერეფნისა და ანაკლიის პორტის განვითარება, ჩინეთზე ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების შემცირება, ირანთან ურთიერთობების გადახედვა და ადეკვატური პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფა.
„ეს არის გამოსავალი და ის აბსოლუტური მინიმუმი, რომლის გარეშეც არავითარი ნორმალიზება არ მოხდება“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.