პოლიტიკა
    2026-06-08 | 08:30

    ვიზალიბერალიზაცია, როგორც მარწყვი, ისეა წარმოდგენილი და გვთავაზობენ, სუვერენიტეტი მარწყვზე გავცვალოთ - შალვა პაპუაშვილი

    ვიზალიბერალიზაცია, როგორც მარწყვი, ისეა წარმოდგენილი და გვთავაზობენ, სუვერენიტეტი მარწყვზე გავცვალოთ - შალვა პაპუაშვილი

    ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ, ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

    მისივე თქმით, 11 ივნისს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით „ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება და არა პოლიტიკური ხასიათის“.

    „წესებით გათვალისწინებული მექანიზმია, როდესაც ვალდებულებაა, ჩატარდეს ტექნიკური დონის შეხვედრა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას. ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური ხასიათის. ამავე დროს, ჩვენ ვიცით წინაპირობები, რაზეც იყო საუბარი. საუბარი იყო, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ, ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. ასევე იყო მოთხოვნა, რომ საქართველომ უარი თქვას მოთხოვნაზე, უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და სურს ევროკავშირს, კვლავ ფარულად ხდებოდეს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის დაფინანსება, როგორც ეს აქამდე ბრიუსელის მხრიდან ხდებოდა. როგორც ჩვენ ვთქვით, ეს შეუძლებელია ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემიდან გამომდინარე. ასე რომ, ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები.

    სამწუხაროდ, ჩვენ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ, ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი. ასე რომ, როგორც იტყვიან, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

    ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ვიზალიბერალიზაცია, როგორც მარწყვი, ისეა წარმოდგენილი და გვთავაზობენ, სუვერენიტეტი მარწყვზე გავცვალოთ“.

    „როდესაც გეუბნებიან, რომ შენ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, ბრიუსელს მოსთხოვო, გაასაჯაროოს საკუთარი დაფინანსებები იმისთვის რომ გქონდეს ვიზალიბერალიზაცია, ეს არის სწორედ მარწყვის სანაცვლოდ სუვერენიტეტის დათმობა.ყველა ის პრეტენზია, რაც არსებობს საქართველოს უვიზო, სასანქციო, საკანონმდებლო პოლიტიკასთან დაკავშირებით, არის შიდა სახელმწიფოებრივი, ანუ სუვერენიტეტის საკითხი. ვიზალიბერალიზაცია, როგორც მარწყვი, ისეა წარმოდგენილი და გვთავაზობენ, სუვერენიტეტი მარწყვზე გავცვალოთ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.