საზოგადოება
    2026-06-08 | 13:36

    გამოფენა “სვანეთი - დროისა და სივრცის ფარდობითი თამაში” გაიხსნა

    გამოფენა “სვანეთი - დროისა და სივრცის ფარდობითი თამაში” გაიხსნა

    იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა გამოფენა “სვანეთი - დროისა და სივრცის 

    ფარდობითი თამაში. ვიტორიო სელა - ნიკა ლებანიძე”. გამოფენა, რომლის გახსნას უამრავი 

    სტუმარი დაესწრო, საქართველოს იტალიის საელჩოსა და ზურაბ წერეთლის თანამედროვე 

    ხელოვნების მუზეუმის თანაორგანიზებით იმართება და ეძღვნება ქალაქ ბიელაში დაბადებულ 

    იტალიელ ალპინისტსა და ფოტოგრაფს, ვიტორიო სელას, რომელმაც მეცხრამეტე საუკუნის 

    საქართველოს მთიანი რეგიონების ამსახველი ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.

    ექსპოზიცია მოიცავს ვიტორიო სელას 15 ფოტოსურათს და ექსპოზიციის ავტორისა და 

    კურატორის, ცნობილი ქართველი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ნიკა ლებანიძის მიერ 

    გადაღებულ ფოტოსურათებს. სელას ექსპედიციებიდან 135 წლის შემდეგ, ნიკა ლებანიძემ მისი 

    მარშრუტი გაიმეორა და შექმნა ფოტოგამოსახულებები, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ 

    შეცვალა დრომ მთები და პეიზაჟები.

    „ვიტორიო სელას ფოტომემკვიდრეობამ, რომელმაც იმდროინდელი მთის ხედები შემოგვინახა,

    უამრავი მკვლევარისთვის, მეცნიერისთვის, რეჟისორისა და ფოტოგრაფისთვის დღესაც 

    შთაგონების წყაროა“, - აღნიშნა ელჩმა დ’ანტუონომ, - "გასულ  წლებში,  საქართველოში  იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ვიტორიო სელასადმი მიძღვნილი ოთხი  გამოფენა გაიმართა, გარდა ამისა, საელჩომ ხელი შეუწყო მთის ერთ-ერთ  ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოხელოვანად აღიარებულ ფოტოგრაფთან დაკავშირებული სხვადასხვა  გამოცემებისა  და ვიზუალური მასალების მომზადებას“.

    გამოფენა ღია იქნება მნახველისთვის 2026 წლის 20 ივლისამდე.