საზოგადოება
    2026-06-08 | 14:37

    საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტორონტოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

    საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტორონტოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

    კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისა და კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანი ხელმძღვანელობით, ტორონტოში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

    შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტაძრის წინამძღვრის, მამა თომას, და ქართული დიასპორის წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით დამოუკიდებლად მოხერხდა ეკლესიისთვის შენობის შეძენა და ტაძრის მოწყობა.

    დელეგაციის წევრებმა ასევე დაათვალიერეს ეკლესიის ტერიტორიაზე მოქმედი საკვირაო სკოლა, სადაც ქართველი ბავშვები მშობლიურ ენას, ქართულ ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიას სწავლობენ. ტაძართან ფუნქციონირებს ქართული ცეკვის ჯგუფიც, სადაც მოზარდები ეროვნულ ქორეოგრაფიას ეუფლებიან.

    შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კანადაში მცხოვრები ქართველი თანამემამულეების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. პარლამენტის წევრებმა დიასპორის წარმომადგენლებსა და საკვირაო სკოლის პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის.

    საუბარი შეეხო საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან მჭიდრო და უწყვეტი კავშირების მნიშვნელობასაც. აღინიშნა, რომ ქართული დიასპორის მხარდაჭერა სახელმწიფოსა და საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.

    მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დიასპორის როლზე საქართველო-კანადის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში. მათი შეფასებით, კანადაში მცხოვრები თითოეული ქართველი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებისა და საქართველოს კულტურული დიპლომატიის განვითარების საქმეში.

    საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ნინო წილოსანი, ირაკლი ზარქუა, გოჩა ენუქიძე, მარიამ ლაშხი, ვიქტორ სანიკიძე და გიორგი ხახუბია.