პოლიტიკა
    2026-06-09 | 11:52

    არჩილ გორდულაძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს: ჩვეულებრივი პოლიტიკური სვავები ხართ და პოლიტიკურ სვავებად დარჩებით

    არჩილ გორდულაძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს: ჩვეულებრივი პოლიტიკური სვავები ხართ და პოლიტიკურ სვავებად დარჩებით

    „გახარიელები“ იმეორებენ იმას, რასაც გარედან მართული „საია“ ამბობს – თქვენ აუტანლობა გაქვთ ნებისმიერი ნაბიჯის, რომელიც უზრუნველყოფს, რომ გადაწყვეტილებები საქართველოშივე მიიღებოდეს, -ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

    „შეუძლებელია არ გამოვეხმაურო სიცრუის და პოლიტიკური ქულების დაწერის ანგაჟირებულ მცდელობებს იმ პათეტიკური განცხადებების ფონზე, რომელიც ე.წ. ოპოზიციისგან, რეალურად საქართველოს პარლამენტში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ განყოფილებისგან ისმის.

    „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი „გახარიელები“ საუბრობენ და პირდაპირ იმეორებენ ზუსტად იმას, რასაც გარედან დაფინანსებული და მართული „საია“ ამბობს, რომელმაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების ე.წ. მიმოხილვა გამოაქვეყნა. თქვენ პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური აუტანლობა გაქვთ ნებისმიერი ნაბიჯის, მათ შორის, ნებისმიერი კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანაში მშვიდობას ემსახურება და უზრუნველყოფს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოშივე მიიღებოდეს.

    თქვენ პირდაპირ იმეორებთ ევროკომისრის, მარტა კოსის და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ისინი ყველანაირად შეეცდებიან, „შავი ფული“ შემოვიდეს ჩვენ ქვეყანაში და შემდეგ ვიცით, ეს ფული რაშიც გამოიყენება აქ – არაერთგზის, ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის.

    თქვენ საუბრობდით კანონმდებლობაზე და საერთოდ სიტყვაც კი არ გიხსენებიათ, მაგალითად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში რა ცვლილებებიც პარლამენტმა შეიტანა, რაც პირდაპირ უკავშირდება მიუკერძოებლობას, ფაქტისა და აზრის გამიჯვნის პრინციპებს.

    თქვენ ხართ ის ძალა, რომელსაც შეუძლია, მაგალითად, როცა ვრცელდება საჯაროდ ინფორმაცია, გარკვეული ფსიქიკური პრობლემების მქონე დედის მიერ ახალშობილის მკვლელობის ფაქტი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოთ. საერთოდ როგორ იღებთ ხმას? როგორ ცდილობთ ამ ფაქტის საკუთარი პოლიტიკური ბენეფიტების მისაღებად გამოყენებას? ამიტომ ხართ პოლიტიკური სვავები. ამიტომ დარჩებით საზოგადოების თვალში პოლიტიკურ სვავებად.

    მინიმალურ ხელფასზე საუბრობდით და თქვენმა ინიციატივამ შესაძლებელია, დასაქმებულების მესამედი საერთოდ უმუშევრად აქციოს. ამაზე პასუხისმგებლობის არც აღება გინდათ და არც არაფერს საუბრობთ. თუ ასეთი მაგრები ხართ, ხომ გაქვთ პარლამენტარების ხელფასები, ერთი თქვენგანი მაინც გამოვიდეს და თქვას – ჩემს ხელფასს სოციალურად დაუცველ ოჯახს გადავცემ. მაგრამ ამ ყველაფერს არ გააკეთებთ იმიტომ, რომ ჩვეულებრივი პოლიტიკური სვავები ხართ და პოლიტიკურ სვავებად დარჩებით“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

    მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი საქმიანობის შედეგად, ქვეყანაში მშვიდობაა უზრუნველყოფილი და დღეს სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად დაბალ ნიშნულზეა, ვიდრე ეს წინა წლებში იყო, ამაზე არ საუბრობენ იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის ეს სასარგებლოა და ის, რაც საზოგადოებისთვის სასარგებლოა, ოპონენტების პოლიტიკურ წისქვილზე წყალს არ ასხამს.

    „სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება შეჭირვებული და სანამ ერთ ადამიანს მაინც დასჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, მანამდე ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.