პოლიტიკა
    2026-06-10 | 08:20

    „ქართული ოცნების“ მხრიდან საუბარი, რომ ჯარიმები თურმე ტვირთია მოქალაქეებისთვის, ფარსია - მოვითხოვთ, შემცირდეს ჯარიმები, რომელიც კავშირში არ არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან - ვასო ურუშაძე

    „ქართული ოცნების“ მხრიდან საუბარი, რომ ჯარიმები თურმე ტვირთია მოქალაქეებისთვის, ფარსია - მოვითხოვთ, შემცირდეს ჯარიმები, რომელიც კავშირში არ არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან - ვასო ურუშაძე

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ „უპასუხისმგებლო პოლიტიკის“ შედეგად, ბოლო 14 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 14 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

    მისი თქმით, დაღუპულთა უმრავლესობა ახალგაზრდები და ბავშვები იყვნენ, რაც, ურუშაძის შეფასებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით ხელისუფლების „გულგრილმა და უპასუხისმგებლო პოლიტიკამ“ განაპირობა.

    „ერთადერთი ინტერესი, რაც ამ წლების განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, ჯარიმების გაზრდა და მოქალაქეებისგან, მძღოლებისგან, რაც შეიძლება მეტი თანხის ამოღება იყო. მათ არ აინტერესებდათ სტატისტიკური მაჩვენებლები, როდესაც წლიდან წლამდე იზრდებოდა ჯარიმების რაოდენობა, საბიუჯეტო შემოსავალი ჯარიმებიდან და ამავდროულად იზრდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოს საავტომობილო გზებზე“, — განაცხადა ურუშაძემ.

    მისივე თქმით, პარტია მოითხოვს იმ ჯარიმების შემცირებას, რომლებიც, მისი შეფასებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან კავშირში არ არის.

    „ასეთია პარკირების ჯარიმა, განსაკუთრებით თბილისში და ბათუმში, რომელიც კახა კალაძემ თითოეულ მოქალაქეს ხარკად დააკისრა. ფაქტობრივად, დღე არ გავა, რომ მძღოლი არ დააჯარიმონ. მხოლოდ თბილისში ერთ დღეში არასწორი პარკირებისთვის 1100 ჯარიმა იწერება. ამას აკეთებს კახა კალაძე, რომელიც არც ინფრასტრუქტურას ავითარებს და არც საგზაო მოძრაობა აინტერესებს — მხოლოდ ჯარიმები აინტერესებს“, — განაცხადა ურუშაძემ.

    მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ჯარიმები მოქალაქეებისთვის მძიმე ტვირთია და მათ ცხოვრებას აძვირებს, „მანიპულაცია“, „ფარსი“ და „კიდევ ერთი დიდი ტყუილია“.