პოლიტიკა
    2026-06-10 | 12:00

    დღევანდელი განცხადება 28 ნოემბრის მოღალატეობრივი პოზიციის გაგრძელებაა, ეს არის ქართველი ხალხისა და ჩვენი ეროვნული მიზნების სრული შეურაცხყოფა - გრიგოლ გეგელია

    დღევანდელი განცხადება 28 ნოემბრის მოღალატეობრივი პოზიციის გაგრძელებაა, ეს არის ქართველი ხალხისა და ჩვენი ეროვნული მიზნების სრული შეურაცხყოფა - გრიგოლ გეგელია

    „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლას ცდილობს და ჩინეთს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩენს, რაც, მისი შეფასებით, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

    გეგელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ჩინეთთან გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში ნახსენებია „ერთი ჩინეთის“ პრინციპი, თუმცა, მისი თქმით, დოკუმენტში არ არის დაფიქსირებული ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ჩინეთი ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტურ მიზნებს.

    „დღევანდელი განცხადება 28 ნოემბრის მოღალატეობრივი პოზიციის გაგრძელებაა. ეს არის ქართველი ხალხისა და ჩვენი ეროვნული მიზნების სრული შეურაცხყოფა“, – განაცხადა გეგელიამ.

    მისი შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, ჩინეთი აშშ-ისა და ევროკავშირის ალტერნატიულ სტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩინოს, თუმცა, გეგელიას თქმით, პეკინი ვერ იქნება დასავლეთის შემცვლელი, რადგან არ უპირისპირდება რუსეთის ინტერესებს საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში.

    ამასთან, „ლელოს“ წარმომადგენელმა ხელისუფლების განცხადებები ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჩინეთს, მისი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები არ განუხორციელებია.

    გეგელიას განცხადებით, ჩინეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი შეიძლება იყოს, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების კუთხით, თუმცა ეს არ უნდა ნიშნავდეს ქვეყნის დასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლას.

    მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის პოზიციების თანხვედრაზე მიუთითებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ბოლო განცხადებებიც, რომლებშიც ის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას დადებითად აფასებს და ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მზადყოფნას გამოხატავს.

    „ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ კობახიძე-ზახაროვა-ნარიშკინი-კრემლი სრულ სინქრონში არიან“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

     

    მსგავსი სტატიები