სამართალი
    2026-06-10 | 12:17

    4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ რვა პირი გათავისუფლდა

    4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან კიდევ რვა პირი გათავისუფლდა

    4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 8 პირს - ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს, ვახტანგ ფიცხელაურს და თემურ ქურციკიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

    ყველა მათგანი დღეს, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

    მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დაამტკიცა.

    რვავე პირს საპროცესო შეთანხმება 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდა.

    აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.

    აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავს, თუმცა, ოთხმა: აბო ნავერიანმა, ანტონ უპერმა[ძებნაშია], ნანა სანდერმა და მარიამ მეყანწიშვილმა ბრალი არ აღიარეს. შესაბამისად, მათ საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდათ, რის გამოც, აღნიშნული ბრალდებულების საქმის განხილვას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი გააგრძელებს.

    ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული. საპროცესო შეთანხმებაზე მზაობა 22-მა პირმა გამოთქვა, საიდანაც 16 სხდომათა დარბაზიდან უკვე გათავისუფლდა, დარჩენილი ექვსი პირი კი დღის ბოლომდე გათავისუფლდება.