პოლიტიკა
    2026-06-12 | 08:51

    „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში აინიცირებს კანონპროექტის, რომელიც 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს კვოს აღდგენას ითვალისწინებს

    „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში აინიცირებს კანონპროექტის, რომელიც 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს კვოს აღდგენას ითვალისწინებს

    პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის წევრმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტურ უფლებებში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს.

    ფარულავას თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული „დრაკონული კანონები“ განსხვავებული აზრის დევნას ემსახურება და მათი მიღება სწორედ იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ხელისუფლების მიმართ პროტესტი და კრიტიკული განწყობები განსაკუთრებით გააქტიურდა.

    „დღეს ადამიანებს ტროტუარზე დგომისა და განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო ციხეში უშვებენ. არსებული საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილი სასჯელი არაპროპორციულია და არსებითად შეზღუდა კონსტიტუციური უფლების – შეკრების თავისუფლებისა და თავისუფალი გამოხატვის განხორციელება“, – განაცხადა ფარულავამ.

    მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინიცირებს კანონპროექტს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, შესაბამის თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად.

    ფარულავას განმარტებით, ინიციატივის მთავარი მიზანია 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს-კვოს სრულად აღდგენა და იმ ბარიერების გაუქმება, რომლებიც, მისი შეფასებით, პროტესტის უფლების რეალიზებას აფერხებს.

    „ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ 2024 წლის სამართლებრივი მდგომარეობა იდეალური იყო, თუმცა ამ სტატუს-კვოს აღდგენით შესაძლებელი იქნება კონსტიტუციური ბალანსის დაბრუნება, რომელიც ამჟამად აშკარად დარღვეულია“, – აღნიშნა მან.

    დეპუტატის განცხადებით, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფა აუცილებელია როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ისე მისი საერთაშორისო იმიჯისა და საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

    ბრიფინგის დასასრულს ფარულავამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, მხარი დაუჭიროს წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას და, მისი შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამკაცრებული კანონმდებლობის გადახედვას.

    მსგავსი სტატიები