ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ბრიუსელის ბიუროკრატიის არაკვალიფიციურობის მინიმოდელია - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ტექნიკური ჯგუფების დონეზე ტექნიკური საკითხები განიხილებოდა, თუმცა, მისი თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის თემაში პოლიტიკურ საკითხებსაც აყენებს.
პაპუაშვილის შეფასებით, ეს „ბრიუსელის არაკეთილსინდისიერებას“ აჩვენებს. მისივე განცხადებით, ევროკავშირმა დაარღვია 2010 წლის შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები დააწესა.
„ბრიუსელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის დააწესა სავიზო მოთხოვნები. დაარღვია 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი მაშინ, როდესაც სხვას ედავება ხოლმე საერთაშორისო სამართლის დარღვევას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირმა საქართველოზე მორგებული სპეციალური რეგულაციები მიიღო, რომლებიც, პაპუაშვილის შეფასებით, მხოლოდ საქართველოს მიმართ გამოიყენება და ბრიუსელს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა მოთხოვნა დააყენოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე გააკრიტიკა ბრიუსელის ბიუროკრატია და განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება მისი არაკვალიფიციურობის მაგალითია.
„იმდენად არაკვალიფიციურად იქცევა ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ ეს იმედს გვაძლევს, რომ საბოლოო ჯამში თავადვე არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რითაც საკუთარ თავს დაიზიანებენ. აქამდე რაც გააკეთეს, დააზიანეს მხოლოდ ევროკავშირი და ნდობა მის მიმართ. თუ ახლა უნდათ, რომ კვლავ ფეხში დაიხალონ ტყვია, შეუძლიათ ეს გააკეთონ, მაგრამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინიმოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.