პოლიტიკა
    2026-06-16 | 08:26

    „ქართული ოცნება“ სოციალური დახმარების სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს - თაზო დათუნაშვილი

    „ქართული ოცნება“ სოციალური დახმარების სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს - თაზო დათუნაშვილი

    „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აღმასრულებელი მდივნის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ სოციალური დახმარების სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და მას მთლიანად პოლიტიკური დღის წესრიგის სამსახურში აყენებს.

    მისივე თქმით, 2026 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოში 605 033 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა რეგისტრირებული, რომლებიც სახელმწიფო სოციალურ შემწეობას იღებენ, თუმცა მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან მათი რაოდენობა 105 ათასი ადამიანით შემცირდა, ხოლო ხელისუფლება ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო შემცირებაზე საუბრობს.

    დათუნაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავად დაადასტურა, რომ 2022 წლიდან დღემდე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამისთვის 376 მილიონი ლარი დაიხარჯა და 30 ათასი ე.წ. სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც, მისი თქმით, მიუთითებს, რომ ასობით მილიონი ლარი ისე დაიხარჯა, სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით ხელშესახები შედეგი არ დამდგარა.

    მისი განცხადებით, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ბიუჯეტს საზოგადოებრივი კეთილდღეობის ინსტრუმენტად კი არა, პარტიულ რესურსად განიხილავს.

    დათუნაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის 100 ათასით შემცირება მოკლე პერიოდში ორ შესაძლო განმარტებას ტოვებს: ან ეს ადამიანები მანამდე ხელოვნურად იყვნენ დამატებული და დახმარებას პოლიტიკური ან კორუფციული ნიშნით იღებდნენ, ან ხელისუფლებამ მიზანმიმართულად შეუწყვიტა დახმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობენ.

    მისივე შეფასებით, პირველ შემთხვევაში საკითხი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე შემთხვევაში – პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საჭიროებს იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

    ბრიფინგზე დათუნაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 30 000-კაციანი სახელმწიფო დასაქმების პროგრამა „მოგონილია“ და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის 15 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილ გადასახადებს ყველაზე მეტად ფლანგავდა და სახელმწიფო ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავდა.

    მსგავსი სტატიები