ბელარუსის ომში ჩართვას ლუკაშენკომ „მიუღებელი“ უწოდა და ზელენსკის ბოდიში მოუხადა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელსაც მრავალი დემოკრატიული ქვეყანა ლეგიტიმურ ლიდერად არ აღიარებს, რუსეთ-უკრაინის ომში მისი ქვეყნის ჩართვას „მიუღებელი“ უწოდა. მისი განცხადებით, უკრაინას ბელარუსის შიში არ უნდა ჰქონდეს. ამასთან, ლუკაშენკომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მისი მისამართით გაკეთებული მწვავე განცხადებების გამო, ბოდიში მოუხადა.
ბელარუსულ მედიაში გაშუქებულ ამ საკითხებზე ლუკაშენკომ ტელეკომპანია „ალ არაბიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ბელარუსის ლიდერს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა უკრაინის ხელისუფლებისა და სამხედროების განცხადებებზე, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიიდან მიმდინარე რუსული ჯარების ახალი შესაძლო თავდასხმის საფრთხეს შეეხებოდა. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მან კრემლის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან განიხილა.
ბელარუსის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ომში ბელარუსის უშუალო ჩართვით, სავარაუდოდ, არც რუსეთის ხელისუფლებაა დაინტერესებული. ამასთან დაკავშირებით, მან გაიხსენა პუტინის სიტყვები, რომლის თანახმადაც, ომში ან კონფლიქტში ბელარუსის შესვლა მიუღებელია და ეს უფრო მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე სარგებელს.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის ბელარუსის ტერიტორიაზე გადმოტანა აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის ლიდერმა აღიარა, რომ მისი ქვეყანა, სამხედრო თვალსაზრისით, მოწყვლადი იქნება, თუკი უკრაინა მასზე ისეთივე თავდასხმებს განახორციელებს, როგორც რუსეთს ესხმის თავს. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, დარტყმის ქვეშ ქვეყნის საკვანძო ინფრასტრუქტურა აღმოჩნდება.
„ეს იმიტომ მოხდება, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის ბელარუსი ხელისგულივით მკაფიო სამიზნეა. კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი საკვანძო ინფრასტრუქტურა - სამრეწველო და ლოჯისტიკური ობიექტები - დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ამავდროულად, მან ხაზგასმით თქვა, რომ უკრაინას ბელარუსის „აბსოლუტურად არ უნდა ეშინოდეს“. ზელენსკის მისამართით გაკეთებული მკაცრი განცხადებების თაობაზე კი აღნიშნა, რომ „ცოტა გადაამლაშა“. ლუკაშენკომ ეს ზელენსკის „განცხადებებსა და მუქარებზე“ რეაქციით ახსნა.
„განცხადებებსა და მუქარებზე“ რეაქციით ახსნა. „თუკი ვოლოდიმირ ოლექსანდროვიჩს ეწყინა, მე მას ამ სიტყვებისთვის ბოდიშს ვუხდი. ალბათ, არ უნდა მეთქვა ეს, იმის გათვალისწინებით, რომ ის, საბოლოო ჯამში, ომში იმყოფება“, - დასძინა ლუკაშენკომ.
ბოდიშის მოხდის მიუხედავად, მან მოითხოვა, რომ ზელენსკი უფრო ფრთხილად უნდა იყოს, „დამშვიდდეს“ და „ბელარუსები არ გააღიზიანოს“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ 26 მაისს განაცხადა, რომ კიევმა ბელარუსში უკვე განსაზღვრა პირველი 500 სამიზნე იმ შემთხვევისთვის, თუკი თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ლუკაშენკო ომში ჩაერთვება.
ამ განცხადებას მაშინ ლუკაშენკო გამოეხმაურა და უკრაინაში ერთ „ძალიან სერიოზულ“ სამიზნეზე თავდასხმით დაიმუქრა, რომლის კოორდინატებსაც, მისი მტკიცებით, მინსკი ფლობს. სწორედ ამ დროს გააკეთა მან ზელენსკის მისამართით მწვავე განცხადებები, რისთვისაც ახლა ბოდიში მოიხადა.
17 აპრილს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსკოვი მინსკის ომში ჩათრევას ცდილობს. მან მაშინვე აღნიშნა, რომ ბელარუსის სასაზღვრო რეგიონებში უკრაინის მიმართულებით გზები შენდება და საარტილერიო პოზიციების მოწყობა მიმდინარეობს.