საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი პარიზში ფრანგ კოლეგას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარიზში ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა მას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების ფონზე, სახელმწიფოებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნა.
„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხატა საფრანგეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის, მათ შორის, სამთო, განათლებისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი – გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ირაკლი ყურაშვილი, სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.