საქართველო ევროკავშირთან დიალოგისთვის ყოველთვის მზად იყო, საუბარი დათმობებზე კი არა, დისკუსიაზეა - ირაკლი ჭეიშვილი
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ევროკავშირთან ურთიერთობებთან დაკავშირებით არ შეცვლილა და ქვეყანა დიალოგისთვის მუდმივად მზად არის.
მისი თქმით, ხელისუფლებას ევროკავშირისთვის კარი არ დაუხურავს და არაერთხელ დაუდასტურებია მეგობრობისა და თანამშრომლობის სურვილი.
„არაფერი პოზიცია არ იცვლება. ჩვენ დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვიყავით. არაერთხელ განვაცხადეთ, არაერთხელ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩვენ ცალმხრივად ვრჩებით მეგობრობის რეჟიმში. ევროკავშირისთვის კარი არ გამოგვიკეტავს, პირიქით მოხდა. აქედან გამომდინარე, სხვა არაფერი უთქვამს ნიკოლოზ სამხარაძეს. მან შუამავლობა ითხოვა, რომ დიალოგის პროცესი დაიძრას და განახლდეს. ჩვენ მზად ვართ არა მხოლოდ გამჭვირვალობის კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ. გვაქვს ჩვენი მტკიცებულებები და არგუმენტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ კანონის მიღება და როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ევროკავშირთან ამ კანონის ფონზე,“ – განაცხადა ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის ნებისმიერი მიღებული კანონის შესახებ დისკუსიისთვის და ამ ეტაპზე დათმობებზე საუბარი არ მიმდინარეობს.
„დათმობებზე არ არის საუბარი, საუბარია დისკუსიაზე, დიალოგზე ნებისმიერი კანონის ირგვლივ – იქნება ეს გამჭვირვალობის კანონი თუ სხვა. სად წაიკითხეთ, რომ დათმობებზეა საუბარი? ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე,“ – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგში ვიზიტისას განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ლუქსემბურგს ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების საკითხის დაყენება სთხოვა. მისი თქმით, საქართველო მზად არის იმსჯელოს კრიტიკულ საკითხებზე, მათ შორის გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც, მისი შეფასებით, ევროკავშირისა და საქართველოს შორის დიალოგის შეჩერების ფორმალური მიზეზი გახდა.