პოლიტიკა
    2026-06-17 | 12:11

    ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა – დოკუმენტი დემოკრატიულ უკუსვლასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირებაზე საუბრობს

    ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა – დოკუმენტი დემოკრატიულ უკუსვლასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირებაზე საუბრობს

    ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა, რომელიც ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა.

    დოკუმენტში ევროპარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც, მისი შეფასებით, დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიების, უკანონო დაკავებების, მტრული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის ბრძოლას აგრძელებს. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 75% კვლავ მხარს უჭერს ევროკავშირთან შემდგომ ინტეგრაციას და ევროკავშირის კარი ქართველი ხალხისთვის ღიად რჩება.

    ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. ევროპარლამენტი ასევე მიუთითებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრული ცხრა პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით უკუსვლაა დაფიქსირებული.

    დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ განცხადებები, თითქოს ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად რჩება, წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მასთან დაკავშირებული მედიის მიერ ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და დიპლომატების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიასთან, რომელიც, ევროპარლამენტის შეფასებით, მანიპულაციურ რუსული სტილის ნარატივებს, დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ეფუძნება.

    ანგარიშში ასევე გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტის შეფასებით, ისეთ უწყებებს, როგორიცაა ცენტრალური საარჩევნო კომისია, კომუნიკაციების კომისია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საკონსტიტუციო სასამართლო, პროკურატურა, ეროვნული ბანკი და სამართალდამცავი ორგანოები, აკლიათ მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და დემოკრატიული ზედამხედველობა.

    ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესს ვერ მიაღწევს, ვიდრე არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას, არ უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას, ოლიგარქიული გავლენების შემცირებასა და ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების უკეთ დაცვას.

    დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირების, ასევე ხელისუფლებასთან დაკავშირებული კომპანიებისა და მედიის თანამფლობელების წინააღმდეგ მიზნობრივი პერსონალური სანქციების დაწესება დემოკრატიული უკუსვლისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.

    ამასთან, ევროპარლამენტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის მიუხედავად, წევრი სახელმწიფოების ნაწილი უკვე აწესებს ინდივიდუალურ სავიზო შეზღუდვებსა და სხვა სანქციებს ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ და სხვა ქვეყნებსაც ანალოგიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

    ანგარიშში კიდევ ერთხელ არის გაჟღერებული მოწოდება ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ, გაყინონ მათი აქტივები და ამ მიმართულებით ითანამშრომლონ სხვა იურისდიქციებთან, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებთან.

    დოკუმენტში ასევე დაგმობილია პოლიტიკური რეპრესიების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების შევიწროებისა და ოპოზიციური ფიგურების დევნისთვის პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობა. ევროპარლამენტის შეფასებით, ევროკავშირის რეაგირება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ამ დრომდე არასაკმარისი და დაგვიანებულია.

    ანგარიშის თანახმად, საბჭომ და წევრმა სახელმწიფოებმა სასწრაფოდ უნდა მიიღონ ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული შემზღუდავი ზომები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, თანამდებობის პირისა და მათთან დაკავშირებული პირების მიმართ, მათ შორის აქტივების გაყინვისა და სავიზო აკრძალვების სახით.

    გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს უნგრეთის ახალ მთავრობას, მოხსნას წინამორბედი ხელისუფლების მიერ დაწესებული ბლოკადა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დაწესებაზე, ხოლო ევროკავშირის საბჭოს – შეიმუშაოს ისეთი კოლექტიური მექანიზმები, რომლებიც ერთსულოვნების არარსებობის შემთხვევაშიც უზრუნველყოფს ბლოკის ეფექტიან და ერთიან რეაგირებას.