პოლიტიკა
    2026-06-17 | 13:07

    სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით -  პარტია „დროა“ პენიტენციურ სამსახურს პასუხობს

    სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით -  პარტია „დროა“ პენიტენციურ სამსახურს პასუხობს

    სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რაიმე სახით ან ფორმით არ გაუარესებულა. სიმართლეა, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად უარესდება და ეს მათივე განცხადებაშია აღიარებული, - ამ განცხადებით პარტია „დროა“ პენიტენციურ სამსახურს პასუხობს, რომლის მიხედვით, პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი „ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის, სამედიცინო სერვისით“.

    „დღეს პოლიტიკური პატიმრის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა საკუთარი განცხადებითვე აღიარა, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული და გამწვავებულია. აგრეთვე, განცხადება, შეიცავს ბევრ ტყუილსა და უზუსტობას:

    სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარიას ადვოკატის განცხადებაზე, რომლითაც ის მკურნალობის გეგმასა და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდა, პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე რეაგირება მოახდინა. სიმართლეა, რომ წერილის შეტანიდან 2 კვირის გასვლის შემდეგაც კი ელენეს ან მის ადვოკატს არავითარი პასუხი არ მიუღიათ.

    სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარიას ადვოკატმა და პარტია „დროამ” სასჯელაღსრულების დაწესებულება დაადანაშაულეს იმაში, რომ პოლიტიკურ პატიმარს ციხეში რაიმე დაავადება განზრახ დამართეს.

    სიმართლეა, რომ ელენე ხოშტარიას დაპატიმრებამდე ჰქონდა ქრონიკულ დაავადებათა დიაგნოზები, რომელთა სისტემურ მკურნალობაზეც პენიტენციური სამსახური პატიმარს უარს ეუბნება. ეს აღინიშნა პრესკონფერენციაზე და იმავეს ადასტურებს თავად პენიტენციური სამსახურის გავრცელებული განცხადება.

    საზოგადოებას გვინდა, ვაცნობოთ, რომ ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, მყისიერად დამყარდა კომუნიკაცია ელენესთან, როგორც დაწესებულების ექიმის, ისე დირექტორის მხრიდან. სამწუხაროა, რომ ამგვარი კომუნიკაციისთვისაც კი საჯარო პრესკონფერენცია გახდა საჭირო, რაც არ აგვარებს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის პრობლემას. ვიმედოვნებთ, რომ ამ კომუნიკაციას პრაქტიკული შედეგი მოჰყვება სისტემური მკურნალობის მიმართულებით.

    სიცრუეა, რომ ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რაიმე სახით ან ფორმით არ გაუარესებულა.

    სიმართლეა, რომ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად უარესდება და ეს მათივე განცხადებაშია აღიარებული. მკურნალობა ხორციელდება ეპიზოდურად, მოვალეობის მოხდის მიზნით, ცალკეული სიმპტომების ჩასახშობად ამიტომ ასეთი მკურნალობა არაეფექტიანია. იმ რევმატოლოგმაც კი, რომელიც თავად ციხის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაესაუბრა ელენეს ვიდეოზარის მეშვეობით, აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევები, მაგალითად მრტ კვლევა, არ არის გამოსადეგი მდგომარეობის შესაფასებლად, რადგან არ არის შესაბამისი ხარისხის (კონტრასტული მრტ).

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფლების პირობებში, ელენეს დაავადებების მართვა სრულიად შესაძლებელი იყო და მისი მდგომარეობა თვისობრივად გაუარესდა მას მერე, რაც მისი დაკავების შემდეგ, მკურნალობაზე პასუხისმგებელი პენიტენციური სამსახური გახდა. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, ელენე რეჟიმისგან არაფერს ითხოვს და მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ელენეს პრეტენზია არ აქვს ციხის რიგით თანამშრომლებთან - ექთნებთან და ოფიცრებთან.

    პენიტენციურმა სამსახურმა ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, დაუყოვნებლივ პასუხი უნდა გასცეს ელენე ხოშტარიას ადვოკატის წერილს“, - ნათქვამია განცხადებაში.