პოლიტიკა
    2026-06-19 | 10:36

    4 ოქტომბრის საქმეზე გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური შურისძიების ნაწილია -ირაკლი კუპრაძე

    4 ოქტომბრის საქმეზე გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური შურისძიების ნაწილია -ირაკლი კუპრაძე

    „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, 4 ოქტომბრის საქმეზე შვიდი პირის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსჯავრდადებულები  „პროვოკაციის მსხვერპლები“ არიან, რომელიც „ანტი-ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა დაგეგმეს.

    მისი თქმით, „ივანიშვილის და მურუსიძის სასამართლომ“ საქართველოს შვიდ მოქალაქეს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

    კუპრაძის განცხადებით, ხელისუფლება „შუა საუკუნეობრივი შურისძიების მეთოდებით“ მოქმედებს და ცდილობს საკუთარი ინტერესების გასატარებლად რეპრესიული მექანიზმები გამოიყენოს. მან ასევე აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, დასავლელი პარტნიორები აკრიტიკებენ სასამართლოსა და პროკურატურის საქმიანობას და მომავალში შესაძლოა პასუხისმგებლობის, მათ შორის სანქციების საკითხიც დადგეს.

    „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ შვიდი ბრალდებულისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ბრალდებების არაღიარების ფონზე, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, პროკურატურამ არ გამოიძია საქართველოს მოქალაქეებზე, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე თავდასხმები, ხოლო სასამართლო „უკანონობასა და ძალადობას საბოლოო ბეჭედს უსვამს“.

    კუპრაძემ მხარდაჭერა გამოუცხადა, მისი შეფასებით, „პოლიტიკურ პატიმრებს“ და აღნიშნა, რომ საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების თანამშრომლობით შესაძლებელი იქნება „რეპრესიული რეჟიმის მხილება“ და პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი შეფასება.

    ცნობისთვის, 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ ექვსი პირი – ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა – სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

    მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, ექვს ბრალდებულს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ია დარახველიძეს – 3 წლით. სხდომათა დარბაზში დააკავეს გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი გიორგი ჩახუნაშვილი. ია დარახველიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია და მის მიმართ ძებნა გამოცხადდება, ხოლო განაჩენი მისი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების შემდეგ აღსრულდება.

    მსგავსი სტატიები