პოლიტიკა
    2026-06-19 | 12:31

    “არა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დაგეთანხმებით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეში” - ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

    “არა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დაგეთანხმებით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეში” - ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს და წერს, რომ დიდი პატივისცემის მიუხედავად მას არ ეთანხმება.

    მისი თქმით, “არასწორი გადაწყვეტილებების კასკადი მანამ გაგრძელდება, სანამ ამ პარტიაში ნამდვილი შიდა დემოკრატია არ დამყარდება“.

    “არა, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ დაგეთანხმებით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეში. ეს არ ეხება ნანუკას მოსვლას ან თინას "წასვლას".

    ეს „ენმ-ს" ზოგადი სიმპტომია: სანამ გადაწყვეტილებები სამ კაცში (ფიგურალურად) მიიღება, უმრავლესობა კი ამას „ფეისბუქით“ იგებს, პარტია სულ კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო.

    წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაშიც მონაწილეობა არ მიმიღია და რისი წინააღმდეგიც ვიყავი, ან რაზეც არაფერი უკითხავთ და გადაწყვეტილება ისე მიიღეს. არასწორი გადაწყვეტილებების კასკადი მანამ გაგრძელდება, სანამ ამ პარტიაში ნამდვილი შიდა დემოკრატია არ დამყარდება — სადაც გადაწყვეტილებები ქვევიდან ზემოთ მიიღება.

    ამის შანსი „ენმ-ს“ ახლა აქვს და იმედია, გამოიყენებს. საჭიროა არა სახელებისა და გვარების, არამედ თამაშის წესების შეცვლა, გამჭვირვალობა, ამომრჩევლისა და პარტიის წევრების რეალური მონაწილეობა პარტიის საქმიანობაში და კულუარული გადაწყვეტილებების დასრულება. თუ ამას გავაკეთებთ, წინ წავალთ, თუ არა — ისევ იმავე წრეზე ვივლით”, - წერს ანა წითლიძე.

    მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რატომ უჭერს ის მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოზიციაზე ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს. ამასთან, სააკაშვილი პარტიაში არსებულ უმძიმეს კრიზისზე საუბრობს.