ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბიზნესმენი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.
მის სახელს საქართველოში არაერთი პროექტის შექმნა უკავშირდება,
თემურ უგულავას დაფუძნებულია "აჭარა ჯგუფი", რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სასტუმროთა ქსელს აერთიანებს, ჯგუფის მიერ შექმნილია ქართული ბრენდები "რუმსი" და "სტამბა". ჯგუფი ასევე მართავს თბილისის "ჰოლიდეი ინს". ასევე, "აჭარა ჯგუფი" მართავს თბილისის სპორტის სასახლეს.
ჰოლდინგის პროექტებს შორისაა "რადიო ქალაქი" და "ფაბრიკა", ასევე ქოვორქინგის სივრცე D Block-ი. ჯგუფი სოფლის მეურნეობის მიმართულებით კომპანია "უდაბნოს" ფლობს, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ნუშის ბაღების მმართველია.
"აჭარა ჯგუფი" წლების განმავლობაში მართავდა საქართველოს ონლაინ აზარტული თამაშების სექტორის უმსხვილეს კომპანია კაზინო და ტოტალიზატორ "აჭარას" და "აჭარაბეთს", რომელიც 2019 წელს საქართველოს ბიზნესში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგებით Flutter Entertainment-მა შეიძინა. გარდა ამისა, აზარტული თამაშების სექტორში თემურ უგულავას მიერ არის შექმნილი "ავიატორის" ბრენდიც.
ბიზნესმენ თემურ უგულავას მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა სპორტული ტელევიზია და პლატფორმა "სეტანტა", რომელიც არაერთ ქვეყანაში მაუწყებლობს. ასევე, ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა "ველი სთორი" და სკუტერების გაქირავების აპლიკაცია "სქროლი".
მედიანიუსი თანაუგრძნობს თემურ უგულავას ოჯახს და მეგობრებს.