როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არიან ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტები - მიხეილ სააკაშვილი
როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არიან ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტები? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი, „ახალი“, რამდენადაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„შიდა თუხთუხით შეიძლება ივანიშვილის რეჟიმის მოშორება. არის თუ არა საზოგადოებრივი თუხთუხი საკმარის დონეზე – ეს არის თუხთუხი სიღარიბეზე, კორუფციაზე. ჩვენ ამ თუხთუხს საკმარისად ვერ ვგრძნობთ. დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. ამ კონფიგურაციის ოპოზიცია დიქტატურას ვერ დაამარცხებს.
როგორ უნდა გაიმარჯვოს იმ ოპოზიციამ, რომლის დიდი უმრავლესობა ჩემი პიროვნების ხარჯზე ცდილობს თვითდამკვიდრებას და ზოგიერთი დიქტატორის დამქაშებთანაც არ ერიდება საქმის დაჭერას? ან როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არიან ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტები? მთელი პატივისცემის მიუხედავად, “ლელო” არის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი. “ახალი”, რამდენადაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი, არა გასამარჯვებლად, არამედ ჩემი, “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის ჩამოსართმევად. მიზანი შესრულდა, მას შემდეგ, რაც გილაურებმა პატრონის დავალება შეასრულეს, თან დაფინანსება შეაჩერეს და ვუყურებ, რომ “ახალი” ახლა გაჭედილია. ამათ გარდა არის რამდენიმე უფრო მცირე ბიზნეს პროექტი, სხვადასხვა კატეგორიაში გადანაწილებული, რომელთა ინვესტორები დიქტატურასთან სავაჭროდ იყენებენ და გამარჯვებაზე არ არიან ორიენტირებულები. „ნაციონალები“ ქართული წარმატებული სახელმწიფოს იდეის მატარებლები არიან, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ კომუნიკაციის პრობლემაა. ასე ჩვენ ფონს ვერ გავალთ – ეს მარცხის პირდაპირი რეცეპტია.
ამბობენ, გადაწყვეტილებები დახურულ წრეში მიიღება, მიშა იზოლაციაშიაო. მათ შორის, ეს ჩემი მეგობრებისგან მოვისმინე. ლიდერი იმის ლიდერია, რომ მის აზრს მნიშვნელობა აქვს. მე არავინ მომიხსნია, არავინ დამინიშნავს – უბრალოდ აზრი გამოვთქვი, რომელიც შეიძლება გაიზიაროთ ან არ გაიზიაროთ. ივანიშვილი დგას ფულსა და ძალადობაზე. აბა, მითხარით, მე რომელიმესგან თანხა ამიღია ან ვინმეზე მიძალადია? თუ ლიდერი არ ხარ, შენს აზრს არავინ გაითვალისწინებს. პარტიულ თანამდებობებზე კამათი სრული მარაზმია. ხუთი ბერკეტია რეჟიმის დასამარცხებლად: ქუჩის ფრონტი, ანტიპროპაგანდისტული ფრონტი, ანტიკორუფციული ფრონტი, საგარეო ფრონტი, ტექნოლოგიური ფრონტი. ახალი ტექნოლოგიებით უნდა ავაყირაოთ ისინი. ნიკა გვარამიას აზრს 4 ოქტომბერზე ვერ გავიზიარებ, 4 ოქტომბერი არ იყო გონების დაბინდვა, 200 000 ადამიანის გაბრძოლება იყო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.