პოლიტიკა
    2026-06-23 | 12:47

    შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა, ეს არის საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა, რომელიც პირველივე ჯერზე მუდმივი აღარ იქნება -  ალექსანდრე დარახველიძე

    შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა, ეს არის საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა, რომელიც პირველივე ჯერზე მუდმივი აღარ იქნება -  ალექსანდრე დარახველიძე

    შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა, ეს არის საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა, რომელიც პირველივე ჯერზე მუდმივი აღარ იქნება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებს განხილვისას განაცხადა.

    დარახველიძის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია მიგრაციული ნაკადების ეფექტურად მართვა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება.

    „წარმოდგენილი კანონპროექტის პაკეტი გაგრძელებაა იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რაც წინა წელს განვახორციელეთ. ჩვენ გავაანალიზეთ სხვადასხვა მიმართულებით არსებული ხარვეზები და გამოწვევები, რაც განაპირობებდა ქვეყანაში უცხოელთა დაგროვებას, მათი მხრიდან საკანონმდებლო ჩანაწერების ბოროტად სარგებლობას და ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დარჩენას.

    წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტი მიზნად ისახავს ბინადრობის სფეროში არსებული რეგულაციების გადახედვას. აქ შევეხეთ ორი სახის ბინადრობას - სასწავლო და მუდმივი ბინადრობა. ეს ორი ბინადრობა არის ყველაზე მეტად გაცემული ბინადრობები. დღეის მდგომარეობით, მოქმედი სასწავლო ბინადრობა 35 ათასზე მეტ უცხოელს აქვს, რაც შეეხება მუდმივ ბინადრობას, ეს არის ბინადრობა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების შემთხვევაში და ასეთი ბინადრობა, დაახლოებით, 30 ათასამდეა გაცემული. მუდმივი ბინადრობა პირველივე ჯერზე გაიცემა უვადოდ, სანამ ქორწინება იქნება ძალაში.

    2026 წლის პირველ კვარტალში გასამმაგებულია ამ ტიპის ბინადრობაზე მოთხოვნა, რაც აჩენს იმის ვარაუდს, რომ შესაძლოა, ამ ბინადრობის მიღების საფუძველი ფიქციური ქორწინება იყოს. ამიტომ, აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს მუდმივი ბინადრობის გაცემის შემთხვევაში კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმების შემოთავაზებას, კერძოდ, შემოდის ახალი კატეგორიის ბინადრობა, ეს არის საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ კი მიმართავს უცხოელი ქორწინების შემდგომ ბინადრობის მოთხოვნით და პირველივე ჯერზე უვადოდ აღარ მოხდება ამ ბინადრობის გაცემა. ჯერ გაიცემა ერთი წლის ვადით და შემდგომ ორ-ორი წლით გაგრძელების შესაძლებლობით.

    ბინადრობის გაცემამდე, უცხოელსა და მის ქართველ მეუღლეს მოუწევთ კომისიის წინაშე გასაუბრების გავლა და თუ ამ გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილი აქვს ფიქციურ ქორწინებას, შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ეს უკვე დასჯადი ქმედებაა და გაითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. საქმის მასალები შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოს. იმ შემთხვევაში, თუ კი დადასტურდება, რომ ფიქციურ ქორწინებას ჰქონდა ადგილი, მოხდება ამ ქორწინების ბათილად ცნობა, დანაშაულის ჩამდენი პირები კი პასუხისგებაში მიეცემიან.

    იმ შემთხვევაში, თუ არ დადასტურდება ფიქციური ქორწინება, პირველ ჯერზე გაიცემა ერთწლიანი ბინადრობა, რომელიც 2-2 წლით გაგრძელდება და თუ ხუთი წლის მანძილზე ეს ქორწინება შენარჩუნდება, ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება მუდმივი ბინადრობის გაცემა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

     

    მსგავსი სტატიები