პოლიტიკა
    2026-06-23 | 15:25

    კრემლის ბოლო განცხადებები საგანგაშოა…ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება განგაშის ზარს სცემდეს, დაკავებულები არიან სამარცხვინო დუმილით – გრიგოლ გეგელია

    კრემლის ბოლო განცხადებები საგანგაშოა…ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება განგაშის ზარს სცემდეს, დაკავებულები არიან სამარცხვინო დუმილით – გრიგოლ გეგელია

    „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, კრემლიდან გავრცელებული ბოლო განცხადებები საგანგაშოა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

    მისი თქმით, რუსეთმა უკვე ღიად დააანონსა ე.წ. ორი ოსეთის ფორმალურად გაერთიანების პროცესი, რაც, გეგელიას შეფასებით, საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საბოლოო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია.

    „დღეს უკვე პირდაპირ გამოცხადდა, რომ დაწყებულია ე.წ. ორი ოსეთის ფორმალურად გაერთიანების პროცესი. გარდა იმისა, რომ არ არსებობს არავითარი ორი ოსეთი, არამედ არსებობს ცხინვალის რეგიონი, საქართველოს ძირძველი კუთხე და მთის გადაღმა ოსეთის რესპუბლიკა, ეს არის პირდაპირი განაცხადი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ სუსტი და უმოქმედო ქართული რეჟიმის პირობებში რუსეთი სრული და საბოლოო ანექსიის ფაზაზე გადავიდა,“ – განაცხადა გეგელიამ.

    ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე გააკრიტიკა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნა, რომ უწყება ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დაცვაში პასიურია.

    გეგელიამ შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებსაც და აღნიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ევროპარლამენტისადმი დამოკიდებულებასთან შედარება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მისთვის მებრძოლ გმირებს შეურაცხყოფას აყენებს.

    მისი თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებისა და ქვეყნის ინტერესების დაცვის ნაცვლად „სამარცხვინო დუმილს“ ინარჩუნებს.

    „ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება განგაშის ზარს სცემდეს, საერთაშორისო პარტნიორებს რთავდეს და ყველა ბერკეტს იყენებდეს, რომელიც საგარეო ასპარეზზე დემოკრატიულ ხელისუფლებას გააჩნია, ისინი დაკავებულები არიან სამარცხვინო დუმილით,“ – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

    მსგავსი სტატიები