პოლიტიკა
    2026-06-24 | 13:41

    საქართველოში მოქმედებს ანტიქართული გაერთიანება, რომელიც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს - გია ვოლსკი

    საქართველოში მოქმედებს ანტიქართული გაერთიანება, რომელიც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს - გია ვოლსკი

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საფუძვლის გარეშე გავრცელებული მოსაზრებები, თითქოს საქართველო ირანსა და ჩინეთს უკავშირდება და სწორედ ამიტომ არ იცავს ევროკავშირი ქვეყნის ინტერესებს, საქართველოსთვის დამაზიანებელი პროპაგანდაა.

    როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არსებობს ეჭვი, რომ გარკვეული ძალები დაინტერესებულნი არიან ევროკავშირსა და საქართველოს შორის „წითელი ხაზის“ გაჩენით, რაც, მისი შეფასებით, რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

    მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა, მიუხედავად საკუთარი რიტორიკისა, ხოლო ამ პარტიას მხარს უჭერდა „ევროპული სახალხო პარტია“.

    ვოლსკის განცხადებით, არსებობს „სერიოზული კონსპირაცია“ და „ანტიქართული გაერთიანება“, რომელიც, მისი შეფასებით, ოკუპანტს სხვადასხვა მიმართულებით ხელს უწყობდა და დღესაც აგრძელებს იმავე ქმედებებს. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი შესაძლოა შეუგნებლად მიმდინარეობდეს და მისი მონაწილეები მომავალში „გამოფხიზლდნენ“.

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებენ, თუმცა, მისი შეფასებით, ხელისუფლებას ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც რუსეთს საქართველოსთან მიმართებით უპირატესობას მიანიჭებდა.

    ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესება ქვეყნის „ნგრევის შეუქცევად პროცესში ჩაგდების“ ტოლფასია. მისივე შეფასებით, ხელისუფლების ოპონენტები და მათთან დაკავშირებული მედია ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და ამით რუსეთს საკუთარი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობას აძლევენ.