პოლიტიკა
    2026-06-25 | 11:50

    ტატა ხვედელიანი გიორგი გაბიტაშვილს: იმისათვის რომ კორუფციას ებრძოლო, პირველ რიგში თავად უნდა გქონდეს სუფთა წარსული და მორალური უფლება, თქვენ კი საერთაშორისოდ დასანქცირებულ ყოფილ პროკურორს, ეს მორალური და ინსტიტუციური ლეგიტიმაცია უბრალოდ არ გაგაჩნიათ

    ტატა ხვედელიანი გიორგი გაბიტაშვილს: იმისათვის რომ კორუფციას ებრძოლო, პირველ რიგში თავად უნდა გქონდეს სუფთა წარსული და მორალური უფლება, თქვენ კი საერთაშორისოდ დასანქცირებულ ყოფილ პროკურორს, ეს მორალური და ინსტიტუციური ლეგიტიმაცია უბრალოდ არ გაგაჩნიათ

    პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალურ აუდიტორს, გიორგი გაბიტაშვილს მიმართა და მისი პროკურატურაში საქმიანობის პერიოდი, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობა გააკრიტიკა.

    ხვედელიანის განცხადებით, დღეს საზოგადოება აქტიურად საუბრობს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე, მის გავლენებსა და საქმიანობაზე, თუმცა იმ პერიოდში, როდესაც აღნიშნული გავლენები ყალიბდებოდა, პროკურატურას სწორედ გიორგი გაბიტაშვილი ხელმძღვანელობდა.

    დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობაზე და განაცხადა, რომ მაშინდელმა სამართალდამცავმა სისტემამ აღნიშნული სქემები ვერ გამოავლინა. მისივე თქმით, კითხვები რჩება ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზეც, სადაც, საზოგადოების ნაწილის შეფასებით, სიმართლის დადგენა დაგვიანდა.

    ტატა ხვედელიანის განცხადებით, როდესაც კორუფციასთან ბრძოლის საკითხი განიხილება, საზოგადოებას ახსენდება ის პერიოდიც, როდესაც სამართალდამცავი სისტემა გიორგი გაბიტაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ფუნქციონირებდა. დეპუტატმა კითხვა დასვა, რატომ ვერ მოხერხდა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილისა და გრიგოლ ლილუაშვილის შესაძლო კორუფციული საქმიანობის გამოვლენა.

    მისი შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ არის საკმარისად აქტიური იმ მიმართულებებით, სადაც მოქალაქეები ყველაზე მაღალ კორუფციულ რისკებს ხედავენ, მათ შორის მუნიციპალური შესყიდვების, საბავშვო ბაღების, სასადილოების პროგრამებისა და სატენდერო პროცესების სფეროში.

    ხვედელიანმა ასევე ისაუბრა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების საკითხზე და აღნიშნა, რომ არაერთი დეკლარაცია მხოლოდ ფორმალურად არის შევსებული და გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს.

    დეპუტატის თქმით, საზოგადოებას კითხვები აქვს „ქართული ოცნების“ ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებითაც, მათ შორის პოლიტიკური ძალის დაფინანსებისა და პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების ურთიერთკავშირის შესახებ.

    „ამ ქვეყანას აღარ სჭირდება მორიგი ფორმალური ანგარიშები, რომელიც ორ დღეში ყველას დაავიწყდება. ჩვენს ხალხს არ სჭირდება ფასადური ინსტიტუტები. ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი, პრინციპული და გამბედავი უწყება, რომელსაც არ შეეშინდება გავლენიანი კლანების, პარტიული ბოსებისა და პოლიტიკური ვერტიკალის“, – განაცხადა ხვედელიანმა.

    მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება აუდიტორი, რომელიც „იცავს ხალხის ჯიბეს და არა ხელისუფლების კომფორტს“. დეპუტატმა გიორგი გაბიტაშვილს მორალური და ინსტიტუციური ლეგიტიმაციის არქონაშიც დასდო ბრალი და აღნიშნა, რომ დღევანდელი განხილვა მხოლოდ აუდიტის სამსახურის ანგარიშს კი არა, არამედ ნდობადაკარგულ სისტემასაც ეხება.

    “ქვეყანას სჭირდება აუდიტორი, რომელიც იცავს ხალხის ჯიბეს და არა ხელისუფლების კომფორტს! მაგრამ იმისათვის, რომ კორუფციას ებრძოლო, პირველ რიგში თავად უნდა გქონდეს სუფთა წარსული და მორალური უფლება. თქვენ კი საერთაშორისოდ დასანქცირებულ ყოფილ პროკურორს, რომელიც წლების განმავლობაში ხელს აფარებდით სისტემურ დანაშაულს, ფარცხალაძის გავლენებსა თუ ელიტურ კორუფციას, ეს მორალური და ინსტიტუციური ლეგიტიმაცია უბრალოდ არ გაგაჩნიათ!

    ამიტომ, დღეს ჩვენ აქ არა მხოლოდ ერთ ჩვეულებრივ ანგარიშს, არამედ იმ დასუსტებულ და ნდობადაკარგულ სისტემას განვიხილავთ, რომლის შექმნაშიც თქვენ ლომის წვლილი გაქვთ.

    საქართველოს მოქალაქეებს ბევრად მეტი ეკუთვნით, ვიდრე თქვენი შეუსრულებელი რეკომენდაციები და თაროზე შემოდებული საქმეები“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

    მსგავსი სტატიები