კომენტარი
    2026-06-25 | 12:34

    მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ყველას, ბადრი ჯაფარიძისა  და მამუკა ხაზარაძის გარდა, დაგვინიშნა სახაზინო ადვოკატები… ნელ-ნელა ყველას გამოგვყრის და ბოლოს დარჩებიან მარტო მოსამართლე, პროკურორები და სახაზინო ადვოკატები, ერთმანეთში ექნებათ სიამტკბილობა - ზურაბ ჯაფარიძე

    მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ყველას, ბადრი ჯაფარიძისა  და მამუკა ხაზარაძის გარდა, დაგვინიშნა სახაზინო ადვოკატები… ნელ-ნელა ყველას გამოგვყრის და ბოლოს დარჩებიან მარტო მოსამართლე, პროკურორები და სახაზინო ადვოკატები, ერთმანეთში ექნებათ სიამტკბილობა - ზურაბ ჯაფარიძე

    მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ყველას, ბადრი ჯაფარიძისა და  მამუკა ხაზარაძის გარდა, დაგვინიშნა სახაზინო ადვოკატები. შემდეგზე თუ არა, იმის შემდეგ სხდომაზე ნელ-ნელა, ყველას გამოგვყრის და ბოლოს დარჩებიან მარტო მოსამართლე, პროკურორები და სახაზინო ადვოკატები, ერთმანეთში ექნებათ სიამტკბილობა, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    ზურაბ ჯაფარიძის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

    „არც კითხვას ასმევინებენ, არც შუამდგომლობის დაყენება შეიძლება, ზოგადად საერთოდ არაფერი შეიძლება, ხმის ამოღება, გაღიმებაც არ შეიძლება. ჩვენ შენიშვნა მოგვცეს. შიგნით, რაც ხდება, ეს მოწმეები რასაც ჰყვებიან, იმდენად სასაცილოა, შეუძლებელია ადამიანმა სიცილი შეიკავო. ყოველ მეორე, მესამე პასუხზე ბუნებრივად გაგეცინება, ამაზე მოსამართლეს აქვს რეაქცია, იძლევა შენიშვნებს აქეთ-იქეთ და მერე ყრის ხალხს დარბაზიდან.

    ჩემი აზრით, საკმარისი არ არის ის, რომ სხდომა არის დახურული და თქვენ[ჟურნალისტებს] რომ შიგნით არ გიშვებენ. ჩვენ რომ გამოვდივართ და ვყვებით ამბავს, როგორც ჩანს, ესეც პრობლემაა. ყველას დაგვინიშნა სახაზინო ადვოკატები. შემდეგზე თუ არა, იმის შემდეგ სხდომაზე ნელ-ნელა, ყველას გამოგვყრის და ბოლოს დარჩებიან მარტო მოსამართლე, პროკურორები და სახაზინო ადვოკატები, ერთმანეთში ექნებათ სიამტკბილობა, არც არავინ გამოვა გარეთ და არავინ არაფერს მოგიყვებათ და ასე გავლენ, ალბათ ფინალში“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

    მან ასევე ისაუბრა მოწმეზე, რომელიც დღეს პროკურატურამ წარადგინა.

    „მოწმეს ჩვენებაში რაც ეწერა, იქ საუბარი ჰქონდა ელენე ხოშტარიაზე და ნიკა მელიაზე, თუმცა დარბაზში ილაპარაკა, რომ გვარამია დაინახა, მეც დამინახა. ბადრი ჯაფარიძეს ეუბნებოდა, შენც დაგინახე კონკრეტულად, ხელით როგორ მოუწოდებდი ხალხს პარლამენტის აღებისკენო, რაზეც გაგეცინება. აი, როგორ არ გაგეცინება იმაზე, რომ ბადრის ეუბნებოდა, შენ მოუწოდებდიო. ბადრი, განიცდის ადამიანი ასეთ რაღაცას. მე არ მაქვს რეაქცია ასეთ რაღაცაზე, მეცინება, მაგრამ ბადრი განიცდის.

    მერე, მაგალითად, ჩემი კითხვა იყო - ხომ დამინახე, კონკრეტულად როგორ მოვუწოდებდი, ხელით ვანახებდი, იქით გაიქეცით და აიღეთ-მეთქი, თუ მოვუწოდე გამომყევით, წინ დავრბოდი და მომყვებოდნენ-მეთქი? ამაზე მერე მოსამართლე გეუბნება, ეს მოწმის დაცინვა არისო და გაგდებს დარბაზიდან.

    გარდა იმისა, რომ საქმეში არაფერია, 12 პოლიციელი ჰყავთ, რომლებიც უბრალოდ ხელს გვადებენ და ამბობენ, რომ ვნახეთ, შორიდან, რომ რაღაც ჟესტიკულაციით მოუწოდებდნენ ხალხს პარლამენტის აღებისკენო, ოღონდ არ ახსოვს, რა არის ეს ჟესტიკულაცია, სად ვიდექი, რა მეცვა. კითხვაზე, თუ დაინახა, რომ დანაშაული იყო, როცა სამსახურში მივიდა რატომ არ თქვა დანაშაული რომ დაინახა და პატაკი რატომ არ დაწერა, პასუხობს, „არ ვიცი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

    ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

    უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

    ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

    მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

    წყარო

    მსგავსი სტატიები