ხელისუფლება რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესზე დანაშაულებრივ დუმილს ინარჩუნებს - გიგა ფარულავა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიგა ფარულავას განცხადებით, რუსეთის ფედერაცია დაჩქარებული ტემპით აგრძელებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანიც, მისი შეფასებით, საქართველოს ისტორიული მიწის – სამაჩაბლოს – რუსეთის ფედერაციასთან მიერთებაა.
ფარულავას თქმით, აღნიშნული პროცესის ნაწილია 2026 წლის 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. „ინტეგრაციის შეთანხმება“, ასევე ალან გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად და საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად რუსი ჩინოსნის, მარატ კამბალოვის, დანიშვნა.
მისი შეფასებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ამ პროცესების ფონზე, ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „დანაშაულებრივ დუმილს“ ინარჩუნებენ.
„ფაქტობრივად, ისინი უარს აცხადებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ანექსიური პროცესების დაგმობაზე და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებაზე, რათა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით შეჩერდეს ანექსიის პროცესი“, – განაცხადა ფარულავამ.
დეპუტატმა ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, მისი თქმით, ხელისუფლებამ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაში საერთაშორისო პარტნიორები დაადანაშაულა.
„ისინი, ვინც ათწლეულებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მთავარი გარანტორები არიან, ერთ პოლიტიკურ განზომილებაში განიხილეს რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც სამხედრო აგრესიით აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, წლებია სჩადის საერთაშორისო სამართლის დარღვევებს და აგრძელებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებებს. ასეთი განცხადებები გამოუსწორებლად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და მრავალწლიანი პარტნიორობის საფუძვლებს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.