პოლიტიკა
    2026-07-01 | 11:04

    თბილისის სათვალთვალო კამერების პროგრამულ უზრუნველყოფას სანქცირებული რუსული კომპანია ახორციელებს, მოქალაქეების პერსონალური ინფორმაცია საფრთხეშია - ირაკლი კუპრაძე

    თბილისის სათვალთვალო კამერების პროგრამულ უზრუნველყოფას სანქცირებული რუსული კომპანია ახორციელებს, მოქალაქეების პერსონალური ინფორმაცია საფრთხეშია - ირაკლი კუპრაძე

    „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საერთაშორისო გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებული ე.წ. „ჭკვიანი“ სათვალთვალო ვიდეოკამერების პროგრამულ უზრუნველყოფას სანქცირებული რუსული კომპანია უზრუნველყოფს, რაც, მისი შეფასებით, ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის უსაფრთხოება და მოქალაქეების მონაცემები რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ მოაქცია.

    როგორც კუპრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულ სისტემას შეუძლია მოქალაქეების გადაადგილების კონტროლი და მათი იდენტიფიცირება მაშინაც კი, როდესაც სახე ნაწილობრივ დაფარული აქვთ. მისი თქმით, ეს სისტემა ამოქმედდა იმ პერიოდში, როდესაც თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

    კუპრაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად დაახლოებით 10 000 ვიდეოკამერაა დამონტაჟებული. მისი თქმით, ხელისუფლება წლების განმავლობაში იყენებს სანქცირებული ჩინური კომპანიების — Hikvision-ისა და Dahua-ს — მიერ წარმოებულ კამერებს, ხოლო მათი პროგრამული უზრუნველყოფა, მისი მტკიცებით, რუსულ კომპანიას ეკუთვნის.

    მისივე შეფასებით, აღნიშნული პრაქტიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს და ქმნის რისკს, რომ ინფორმაცია უცხო სახელმწიფოების ხელში აღმოჩნდეს.

    „არანაირი მოთხოვნა ჩვენ არ გაგვაჩნია - ამ მიმართვას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია არის საფრთხეში და ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ თქვენი პერსონალური უფლებები, ადამიანის უფლება, თავისუფლება, გადაადგილების და პერსონალური ინფორმაციის დაცულობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.