პოლიტიკა
    2026-07-02 | 14:07

    IPI: საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკული მაუწყებლების მიმართ სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს

    IPI: საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკული მაუწყებლების მიმართ სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს

    საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) აცხადებს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი ტელემაუწყებლების მიმართ სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც მედიის თავისუფლებაზე თავდასხმების მორიგ ეტაპს წარმოადგენს.

    ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ, დამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი მარეგულირებელი ორგანოების გამოყენების ფონზე, საერთაშორისო საზოგადოებამ სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს საქართველოში მედიის თავისუფლების დასაცავად.

    IPI-ის ინფორმაციით, 25 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ტელეკომპანია „ტვ პირველი“ 2 500 ლარით დააჯარიმა. კომისიის განმარტებით, მაუწყებელმა არაერთ საინფორმაციო გამოშვებაში დაარღვია სარედაქციო სტანდარტები, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები.

    დაჯარიმების ერთ-ერთ საფუძვლად დასახელებულია ის, რომ „ტვ პირველმა“ პატიმრობაში მყოფ ანტისამთავრობო დემონსტრანტებს „სინდისის პატიმრები“ უწოდა, ხოლო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი – „ოლიგარქად“ მოიხსენია.

    IPI აღნიშნავს, რომ 21 მაისს ანალოგიური ოდენობის ჯარიმა დაეკისრა ტელეკომპანია „ფორმულასაც“. კომისიამ მაუწყებელი მთავრობის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებისა და ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის დააჯარიმა, როგორიცაა „სინდისის პატიმრები“, ასევე პროსამთავრობო ტელეარხების აღწერისას გამოყენებული ფორმულირებების გამო.

    ორგანიზაციის შეფასებით, ორივე მაუწყებლის მიმართ სანქცია გამოყენებულია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის საფუძველზე. IPI ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული კანონი 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცვლილებების შედეგად GNCC-ს მიენიჭა უფლებამოსილება, თავად გააკონტროლოს ის სტანდარტები, რომელთა დაცვაც მანამდე ჟურნალისტური თვითრეგულირების მექანიზმებით ხდებოდა. ამასთან, კომისიას მიეცა უფლება, მაუწყებლებს წლიური შემოსავლის 3%-მდე ოდენობის ჯარიმა დააკისროს ან ლიცენზიაც კი გაუუქმოს.

    IPI აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიღებისთანავე მათი გაუქმება მოითხოვა, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ხელისუფლებას კრიტიკული მედიის ცენზურის ინსტრუმენტს აძლევს. ორგანიზაციის შეფასებით, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კომისიას უკვე შეუძლია მაუწყებლის ლიცენზიის გაუქმების პროცედურაც დაიწყოს.

    განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის დამოუკიდებლობა წლების განმავლობაში ეჭვქვეშ იდგა. IPI იხსენებს, რომ 2024 წლის ოქტომბერში Media Freedom Rapid Response (MFRR)-ისა და ევროპის საბჭოს ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმის ერთობლივმა მისიამ კომისიის მთავრობისგან არასაკმარის დამოუკიდებლობასა და მედიის მიმართ სადამსჯელო სანქციების გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება.

    ორგანიზაციის შეფასებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები იმ შეზღუდვითი კანონების ნაწილია, რომლებიც 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღეს. IPI-ის მონიტორინგის თანახმად, ამ პერიოდიდან საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მძიმე ტემპით გაუარესდა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის.

    სისხლის სამართლის გამოძიება „ფორმულას“ წინააღმდეგ

    IPI განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენების გამოც.

    ორგანიზაციის ინფორმაციით, 17 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება „ცრუ დასმენის“ მუხლით, რომელიც ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიება ერთ-ერთი კინორეჟისორისა და მმართველი პარტიის მხარდამჭერის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. საჩივარი „ფორმულას“ მიერ იანვარში მომზადებულ სიუჟეტს ეხება, რომელშიც რეჟისორის შესაძლო უკანონო ქმედებების შესახებ იყო საუბარი. IPI აღნიშნავს, რომ სიუჟეტის ავტორმა და ტელეკომპანიის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა მასალის ეთერში გასვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში მუქარებიც მიიღო.

    „ფორმულას“ იურისტების შეფასებით, ეს საქართველოში პირველი შემთხვევაა, როდესაც დამოუკიდებელი ტელემაუწყებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. 26 ივნისს პროკურატურამ მიმდინარე საქმის ფარგლებში დავით ქაშიაშვილიც გამოკითხა.

    ამასთან, აღნიშნულ საქმეზე რეჟისორსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ შორის პარალელურად სამოქალაქო დავაც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

    საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, გაითვალისწინოს სიუჟეტის საზოგადოებრივი ინტერესის მნიშვნელობა, შეწყვიტოს „ფორმულას“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება და პატივი სცეს ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობას.

    ამასთან, IPI საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს მაუწყებლების მიმართ დისკრიმინაციული და არაპროპორციული სანქციების გამოყენება „მაუწყებლობის შესახებ“ შეცვლილი კანონის საფუძველზე, პატივი სცეს საჯარო დებატებსა და გამოხატვის თავისუფლებას.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს მიმართვა მომზადებულია Media Freedom Rapid Response (MFRR)-ის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში მედიის თავისუფლების დარღვევებს აკვირდება, აფიქსირებს და შესაბამის რეაგირებას ახორციელებს.

    ფოტო კოლაჟი ტვპირველი

    მსგავსი სტატიები