კობახიძის დაპირებული ფასების შემცირების ნაცვლად საქართველოში ყველაფერი ძვირდება - გიორგი სიორიძე
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად, ქვეყანაში პროდუქტები კვლავ ძვირდება.
სიორიძის თქმით, „საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5,8% შეადგინა. მისი ინფორმაციით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პური 6,6%-ით, ზეთი – 5,5%-ით, ხორცი – 9,8%-ით, ხილი – 8,7%-ით, ხოლო თევზეული – 20,4%-ით გაძვირდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, პარლამენტში შექმნილი ფასების კომისიის მუშაობა, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება და ხელისუფლების შეხვედრები ბიზნესთან „სრული კრახით დასრულდა“ და მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ პენსიები მხოლოდ 20%-ით გაზარდა, მაშინ როდესაც მაღალჩინოსნების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, სიორიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პრაქტიკულად აღარ შემოდის და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები არ იქმნება.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში 1200 ლარამდე ხელფასს დაახლოებით 170 000 ადამიანი იღებს, ხოლო საშუალო ხელფასი მოსახლეობის რეალურ შემოსავლებს ვერ ასახავს, რადგან მედიანურ ხელფასს მნიშვნელოვნად აღემატება.
სიორიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ ვერ შეძლო ვერც ერთ პროდუქტზე ფასების შემცირება და მოქალაქეები მოატყუა. მისივე შეფასებით, ხელისუფლების ერთადერთი ნაბიჯი იყო სახელმწიფო სახსრებით ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდის შექმნა და სუპერმარკეტებში ასეთი პროდუქციის ცალკე განთავსება.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის თქმით, ფასების შემცირების ერთ-ერთი გზა საწვავზე აქციზის შემცირება და მისი 2017 წლის ნიშნულამდე დაბრუნებაა. ასევე, მისი განცხადებით, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე დამატებული ღირებულების გადასახადი უნდა შემცირდეს, როგორც ეს არაერთ წარმატებულ ქვეყანაში ხდება.
სიორიძის შეფასებით, პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვითა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნით.