სამართალი
    2026-07-16 | 10:00

    ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის მუხლით მიმდინარე კიდევ ერთი საქმე სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით გადადო, მივმართავთ სასამართლოსა და პროკურატურას, დაუყოვნებლივ განახლდეს საქმის განხილვა და მტკიცებულებების გამოკვლევა  - ადვოკატები

    ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის მუხლით მიმდინარე კიდევ ერთი საქმე სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით გადადო, მივმართავთ სასამართლოსა და პროკურატურას, დაუყოვნებლივ განახლდეს საქმის განხილვა და მტკიცებულებების გამოკვლევა  - ადვოკატები

    ალეკო ელისაშვილის ადვოკატების განცხადებით, ტერორიზმის მუხლით აღძრული კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით გადადო.

    ადვოკატ გიორგი რეხვიაშვილის თქმით, დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მისი შეფასებით, საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს, რის გამოც განხილვა გადაიდო.

    „როგორც მოგეხსენებათ, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით, ე.წ. ძაღლების საქმე. ჩვენ უნდა დაგვეწყო მტკიცებულებების გამოკვლევა, მაგრამ ვინაიდან საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, სასამართლომ აღნიშნული საქმე განუსაზღვრელი დროით გადადო. მივმართავთ სასამართლოსა და პროკურატურას, დაუყოვნებლივ განახლდეს საქმის განხილვა და მტკიცებულებების გამოკვლევა, რათა საზოგადოებამ ნახოს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იხილოს, როგორ მიმდინარეობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით დევნა,“ – განაცხადა რეხვიაშვილმა.

    ელისაშვილის კიდევ ერთმა უფლებადამცველმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი შეფასებით, მიუთითებს, რომ საქმის მიზანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის „განეიტრალება“ იყო.

    „ორი ერთნაირი საქმე იყო – ერთი ტერორისტული აქტის მცდელობის, მეორე კი დასრულებული ტერორიზმის. ტერორიზმის საქმე ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, რაც მიანიშნებს, რომ მთავარი მიზანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განეიტრალება და პირადი შურისძიება იყო. ამ საქმეს არცერთ ეტაპზე სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნია. ჩვენი პოზიციაა, რომ მისი საქმეები დროულად და ეფექტურად უნდა განიხილებოდეს,“ – განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

    ცნობისთვის, საქმე 2025 წლის 4 მაისს სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენის ეპიზოდს ეხება. აღნიშნულ საქმეზე ალეკო ელისაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს გულისხმობს და სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ამასთან, ალეკო ელისაშვილის მიმართ აღძრული იყო კიდევ ერთი საქმე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.