ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის - მამუკა მდინარაძე
საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში, ის არის სატრანზიტო ქვეყანა, ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს გარეშე დაკავშირებადობაზე საუბარიც კი წარმოუდგენელია.
„შუა დერეფანი, დაკავშირებადობა, სატრანზიტო დერეფანი ეს არის ის სიტყვები და ტერმინები, რომლებიც ძალიან მოკლედ ასახავენ რეალობას, რომელიც საქართველოს გავლით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და სატრანზიტო უზრუნველყოფის სფეროში სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართალია, მაგალითად, წინა დღეებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის და მის გარეშე ამ სფეროში საუბარიც კი წარმოუდგენელია. საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში. ნებისმიერ საკითხში ის არის სატრანზიტო ქვეყანა და ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.