მურთაზ ზოდელავა საპატიმროდან კლინიკა “ვივა მედშია“ გადაყვანილი
მურთაზ ზოდელავა საპატიმროდან კლინიკა “ვივა მედშია“ გადაყვანილი.
თავდაპირველად, ეს ინფორმაცია Facebook-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა და დაწერა, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი გადაიტანა.
„გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის მედ პერსონალი და ციხის ზოგიერთი თანამშრომელი ტეხავდნენ განგაშს, მაგრამ მათი თბილისელი უფროსები დემონსტრაციულად აიგნორებდნენ ამ საფრთხეს", - წერდა მიხეილ სააკაშვილი.
მოგვიანებით, კლინიკა ვივა მედის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ „მურთაზ ზოდელავა უკვე მეოთხე დღეა რაც კლინიკაშია და
იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ სხვა დიაგნოზის შესახებ ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ პირადი ინფორმაციაა და გასაჯაროების უფლება არ მაქვს. შემოსულია თავბრუსხვევით, ინსულტზე არ არის საუბარი. ჩატარებული აქვს ყველა საჭირო და აუცილებელი კვლევა“.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.