საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში ვითარდება და სტრატეგიული პარტნიორობისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ - ლევან მახაშვილი
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიური დინამიკით ვითარდება, რასაც უკვე მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები შეხვედრების, ვიზიტებისა და სხვადასხვა გადაწყვეტილებების დონეზე.
როგორც მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, საზოგადოება ხედავს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ვითარდება.
„ამ წერილის შემდეგ შეიძლება მათ [ოპოზიციას] ძილი გაუქრათ და დაეკარგათ - ფაქტი ერთია: ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება და საზოგადოება ამას ხედავს, იმის განურჩევლად, ზოგიერთი ოპოზიციონერი რამდენად შეეცდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების თუ ნაბიჯის დამცირებას და დაკნინებას,“ – განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნოს.
„ჩვენ და პრემიერ-მინისტრის გუნდმა არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი მზაობა, რომ უფრო მეტად გაღრმავდეს ეს ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტულ გზამკვლევს დავაფუძნოთ. ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, საქართველოს ინტერესების დაცვით და, რაც მთავარია, ურთიერთთანასწორობის ნიადაგზე,“ – აღნიშნა მახაშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული, თუმცა საბოლოო შედეგი მიმდინარე სამუშაო პროცესზე იქნება დამოკიდებული.
„მთავარი აქ არის ის, რომ ის ძალიან ცუდი და ნეგატიური მემკვიდრეობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარსულს ჩავაბარეთ და დღეს შესაძლებლობა გვაქვს, ეს ურთიერთობები ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად ავაშენოთ, რაც, იმედია, სტრატეგიულ პარტნიორობამდე მიგვიყვანს. ეს 100%-ით გარანტირებული პროცესი არ არის, ეს სამუშაო პროცესია. ჩვენ ამ პროცესში ვეძებთ გადაკვეთისა და საერთო ინტერესის წერტილებს. იმედია, ასეთი საერთო ინტერესები გამოიკვეთება და სტრატეგიულ პარტნიორობას სწორედ ამ ინტერესებზე დავაშენებთ,“ – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის სამადლობელი წერილი გაუგზავნა. წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და აშშ-ს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლიათ.