ბურთი გერმანიის მხარესაა – იმედი გვაქვს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მეგობრულ ნიშნულს დაუბრუნდება - დავით მათიკაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლების მხრიდან შეინიშნება „შედარებით საღი მიდგომა“ და ამის ერთ-ერთ ნიშნად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან იმ ინფორმაციის წაშლას ასახელებს, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად, ხოლო ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად იყო მითითებული.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო გერმანიასთან ურთიერთობისთვის მზად არის და ორ ქვეყანას შორის ისტორიული მეგობრობის სრულად აღდგენა სურს.
„ნელ-ნელა საღი აზრი იმარჯვებს გერმანიის ხელისუფლებაში. ის არარსებული ინფორმაცია წაშალეს საიტიდან, თუმცა, როგორც ვიცით, განახლებული ჯერ არ არის. ელჩთან მიმართებით შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემის თარიღიც ჩაინიშნა.
აბსოლუტურად მზად, ღია ვართ ურთიერთობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასთან, გერმანელ ხალხთან ისტორიული მეგობრობა, ამ მეგობრობის ბოლომდე აღდგენა. გვინდა, აღდგეს ის ყველაფერი, რაც თავის დროზე აქ მოქმედმა გერმანიის ელჩმა გააფუჭა საკუთარი ქმედებით, თავისი მოქმედების ანტიქართული ხასიათით. ბურთი ნამდვილად არის გერმანიის მხარეს. დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას. ისე კი, საგულისხმოა, რომ ერთმანეთს დაემთხვა ელჩის წასვლა და ამ ინფორმაციის წაშლა, გერმანიის ხელისუფლების მხრიდან შედარებით საღი მიდგომა. საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს დასკვნა,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გერმანიის სახელმწიფოსა და გერმანელ ხალხთან ურთიერთობები, ხოლო ახალი ელჩისგან ურთიერთობების გაუმჯობესების ხელშეწყობას ელოდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გერმანიის სახელმწიფოსთან, გერმანიის ხალხთან ურთიერთობა. მოხარულნი ვიქნებით, თუ საქართველოში გერმანიის სახელმწიფოს წარმომადგენელი განმსჭვალული იქნება პოლიტიკური სულისკვეთებით, რომ აღდგეს ურთიერთობა ქართველ და გერმანელ ხალხებს შორის, მეგობრულ მაღალ ნიშნულს დაუბრუნდეს. ამიტომაც ჩვენთვის მისასალმებელი იქნება ასეთი ფიგურის საქართველოში გამოგზავნა და, ზოგადად, გერმანიის ხელისუფლების მიდგომების იმ რელსებზე გადაყვანა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ საწყისებს შეუწყობს ხელს და არა, პირიქით, დაძაბავს ან რაიმე ფორმით გააფუჭებს ურთიერთობებს,“ – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად, ხოლო ილია დარჩიაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრად იყო მითითებული.
ამასთან, საქართველოს ელჩი გერმანიაში ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს.
პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2022 წელს დაინიშნა. მან ამ პოსტზე ჰუმბერტ ქნირში შეცვალა და საქართველოში დიპლომატიური მისია 2026 წლის ივნისში დაასრულა.