ქართულ-იტალიური არქეოლოგიური მისიის ახალი აღმოჩენები სამცხე-ჯავახეთში
იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის საელჩოში უმასპინძლა პროფ. რობერტო დანს (ISMEO, იტალიის ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის კვლევათა საერთაშორისო ასოციაცია), რომელიც სამცხე-ჯავახეთის პროექტის წლევანდელ საველე სეზონს ხელმძღვანელობს.
პროექტი სამხრეთ საქართველოს უძველესი ლანდშაფტების შესწავლას ეძღვნება და ფოკუსირებულია მეღრეკი 1-სა და მეღრეკი 2-ზე, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ორ ძეგლზე, რომლებიც მნიშვნელოვან ახალ მტკიცებულებებს გვაწვდის ჯავახეთის პლატოს დასახლების დინამიკის რეკონსტრუქციისთვის.
მეღრეკი 1-ზე, სადაც ამჟამად საველე სამუშაოების მეოთხე სეზონი მიმდინარეობს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა რკინის ხანის საცხოვრებელი ნაგებობები ღუმელებით, კერებითა და სხვა რამდენიმე კონსტრუქციით. ეს აღმოჩენები ახალ წარმოდგენას გვიქმნის ძვ.წ. პირველი ათასწლეულის განმავლობაში ამ ადგილას მცხოვრები თემების ყოველდღიური ცხოვრების, სივრცითი ორგანიზაციისა და საწარმოო საქმიანობის შესახებ.
მეღრეკი 2-ზე, სადაც გათხრები ზედიზედ მეორე სეზონია გრძელდება, ჯგუფმა მიაღწია ადრეული ბრინჯაოს ხანის - მტკვარ-არაქსის კულტურის ფენას. ამ კულტურულ ფენას მიეკუთვნება თითქმის ყველა აღმოჩენილი კერამიკული ნაწარმი, რაც წარმოაჩენს მეღრეკი 2-ის, როგორც სამხრეთ კავკასიაში დღემდე დოკუმენტირებული სავარაუდოდ ერთ-ერთი უძველესი გამაგრებული ძეგლის, მნიშვნელობას. გარდა ამისა, ძეგლზე სავარაუდოდ ხალკოლითის ხანის კერამიკული ნაწარმის აღმოჩენა ახალ პერსპექტივებს ხსნის ამ ტერიტორიის ადრეული დასახლების შესახებ.
ამ დროისთვის შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მეღრეკი-1 და მეღრეკი-2 არა ერთმანეთისგან იზოლირებულ ძეგლებს, არამედ ინტეგრირებული და სტრატეგიულად ორგანიზებული დასახლების ერთი სისტემის ნაწილებს წარმოადგენს. როგორც ჩანს, მეღრეკი-2 მჭიდროდ იყო დაკავშირებული მეღრეკი 1-ის დასახლებასთან, რაც ხელს უწყობდა ტერიტორიის კონტროლს და ადგილობრივი თემების დაცვას პროტოისტორიის ადრეულ პერიოდში.
ახალი საველე სეზონი ადასტურებს საქართველოსა და იტალიას შორის არქეოლოგიური თანამშრომლობის სამეცნიერო ღირებულებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამხრეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და შენარჩუნებაში.
ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს.