ლევან მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე: შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის პასუხისმგებლობა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არ არის
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ვახო სანაიას დაკავება „ფეისბუქის“ პოსტის გამო არ მომხდარა და საქმე შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის აღსრულებას ეხება.
მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანისთვის მარტივად გასარჩევია, სად გადის ზღვარი კრიტიკასა და პირად შეურაცხყოფას შორის.
„ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის ძალიან მარტივია ზღვრის გავლება, რაზე შეიძლება ხუმრობა და რაზე – არა; რაზე შეიძლება საუბარი, კრიტიკა და როდის გადადის კრიტიკა პირად შეურაცხყოფაში და ღირსების შელახვაში. ამას არ სჭირდება არც რომელიმე უწყების კარნახი და არც სასამართლო პროცესი,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, შეურაცხმყოფელი განცხადებების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად წარმოჩენა არასწორია და მსგავსი პრაქტიკა არც ევროპულ ქვეყნებშია დასაშვები.
დეპუტატის განცხადებით, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო, რომელიც, მისი თქმით, სამართალდამრღვევებს ჯერ ჯარიმით, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – კანონით გათვალისწინებული სხვა სანქციებით დააკისრებს პასუხისმგებლობას.
მაჭავარიანის თქმით, ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა „ფეისბუქის“ ერთი პოსტის გამო არ შეფარდებია.
„ბატონი სანაია, რომელიც 14 დღით წაბრძანდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თითქოს „ფეისბუქის“ პოსტის გამო. არ წაბრძანებულა. იგი წაბრძანდა შეურაცხმყოფელი პოსტების გამო. მან ეს ყველაფერი განმეორებით ჩაიდინა, არ გადაიხადა არც ერთი ჯარიმა, არც მეორე და როდესაც ასე უპასუხისმგებლოდ იქცევა, ნურავის გაუკვირდება, რომ შეიძლება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოუწიოს გამგზავრება,“ – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.