პოლიტიკა
    2026-07-27 | 13:51

    MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნების შესახებ განაცხადა

    MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნების შესახებ განაცხადა

    MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნების შესახებ განაცხადა.

    როგორც ქართველიშვილმა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოძრაობის მიზანი ქართული ღირებულებების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დაცვა იქნება.

    მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ქართული იდენტობა, ტრადიციები, რელიგია და კულტურული მემკვიდრეობა კოორდინირებული თავდასხმების სამიზნეა. მისივე შეფასებით, მსგავსი კამპანიების უკან ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი, უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები და მათთან აფილირებული პირები დგანან.

    ქართველიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროცესები მიზნად ისახავს ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას და საზოგადოებისთვის მათი შეურაცხყოფის ნორმად წარმოჩენას.

    მისივე თქმით, საინიციატივო ჯგუფი დღეიდან აფუძნებს სახალხო მოძრაობას, რომელიც, მისი განცხადებით, „უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ“ დაიწყებს საქმიანობას.

    როგორც მან აღნიშნა, მოძრაობა საზოგადოებას აქტიური და კონსტრუქციული საქმიანობის დაპირებას აძლევს და აცხადებს, რომ ეროვნული იდენტობისა და კულტურის დაცვის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის აღებასა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების მიღებისთვისაც მზად იქნება.

    “გვინდა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება. მაგრამ თუკი ჩვენ კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ“, - განაცხადა გიორგი ქართველიშვილმა.

    მსგავსი სტატიები