ივანიშვილი და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ერთმანეთთან თავსებადი არ არის - ირაკლი კუპრაძე
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია, რადგან, მისი შეფასებით, მმართველი გუნდის პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებს.
კუპრაძის თქმით, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს ევროპული ინტეგრაციის შედეგად მისაღებ სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს ართმევს, მათ შორის – მაღალ პენსიას, უკეთეს ჯანდაცვას, განათლებასა და მაღალ ხელფასებს.
მისივე შეფასებით, ხელისუფლება პერიოდულად ცდილობს საზოგადოებაში ანტიევროპული გზავნილების მიღების ტესტირებას, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„ანტიკონსტიტუციურია საქართველოს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის, პაპუაშვილის განცხადება, როცა ის ამბობს, რომ საქართველო შეიძლება არც გაწევრიანდეს ევროკავშირში. პარლამენტი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის მთავარი დამცველი, თუმცა პაპუაშვილს არ ადარდებს არც კონსტიტუცია და არც ქართველი ხალხი. მას მხოლოდ ის აინტერესებს, როგორ ასიამოვნოს ივანიშვილს და შეასრულოს რუსეთის ინტერესები, რადგან მხოლოდ რუსეთს არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში უფრო სასარგებლოც აღმოჩნდეს, რადგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებას ინარჩუნებს. მისი შეფასებით, „ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაცია“, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობენ არა არსებულ ევროკავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემაში გაწევრიანებას, სადაც მათ ვალდებულებები სრულად ეკისრებათ, თუმცა უფლებები და გავლენის ბერკეტები შეზღუდული აქვთ. პაპუაშვილის თქმით, „სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს“.