პოლიტიკა
    2026-07-29 | 13:21

    ე.წ. პრემიერმა საზოგადოებას თავი არაბული სამშენებლო კომპანიის „პრომობიჭუნად“ დაამახსოვრა, 6-მილიარდიანი ინვესტიციიდან კი არაფერი ჩანს - ირაკლი კუპრაძე

    ე.წ. პრემიერმა საზოგადოებას თავი არაბული სამშენებლო კომპანიის „პრომობიჭუნად“ დაამახსოვრა, 6-მილიარდიანი ინვესტიციიდან კი არაფერი ჩანს - ირაკლი კუპრაძე

    „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული არაბული ინვესტიცია არ განხორციელებულა და ამ საკითხზე დადებული ხელშეკრულების გასაიდუმლოება კითხვებს აჩენს.

    მისი თქმით, ხელისუფლება მოსახლეობას 6-მილიარდიან ინვესტიციას ჰპირდებოდა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ, არც ინვესტიცია, არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და არც დაპირებული შედეგები არ ჩანს.

    კუპრაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ხელშეკრულება გაასაიდუმლოვა, რათა, მისი შეფასებით, დაემალა, თუ როგორ მოხდა სახელმწიფო ქონების განკარგვა.

    „ანტიქართული ოცნების“ ე.წ. პრემიერმა საზოგადოებას თავი არაბული სამშენებლო კომპანიის „პრომობიჭუნად“ დაამახსოვრა. ყველა პირობა დაირღვა. მოსახლეობას 6-მილიარდიან ინვესტიციას ჰპირდებოდნენ და არაფერი ჩანს - არც 6 მილიარდი, არც ინვესტიცია, არც ინფრასტრუქტურა. არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს. ამიტომაც გაასაიდუმლოვა „ქართულმა ოცნებამ“ ხელშეკრულება, რომ დაემალა, როგორ გაძარცვა რეალურად თქვენი სიმდიდრე.

    საქართველოს შუაგულში, დედაქალაქთან ძალიან ახლოს, ვიღაც არაბულ კომპანიას აჩუქა [ტერიტორიები], რომლის უკანაც, თითქმის დარწმუნებული ვარ, თავად ივანიშვილი, კობახიძეები და სხვები დგანან. არ არსებობს არანაირი რაციონალური არგუმენტი, როგორ შეიძლებოდა კომპანიისთვის გეჩუქებინა ასეთი დიდი სიმდიდრე, 6 მილიარდი ინვესტიციის დაპირება ყოფილიყო და არაფერი შემოსულიყო.

    ერთი წელი გავიდა, არანაირი ინვესტიცია არ შემოსულა. ინვესტორთა ქვეყნების ჩამონათვალში არც კი ფიგურირებს ის არაბული მხარე, რომელსაც უკვე უნდა შემოეტანა ამ ქვეყანაში მინიმუმ ასეულობით მილიონი ინვესტიცია. ეს არის მძიმე ტყუილი, რასაც თან ახლავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და აუცილებლად დაისჯება თითოეული ადამიანი იმ ძარცვისთვის, რაც საქართველოს ამ გასაიდუმლოებული ხელშეკრულების პირობებში გაუკეთეს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.