პოლიტიკა
    2026-07-29 | 16:32

    ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და დიპლომატიური ძალისხმევის -  მაკა ბოჭორიშვილი

    ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და დიპლომატიური ძალისხმევის -  მაკა ბოჭორიშვილი

    ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და იმ დიპლომატიური ძალისხმევის, რასაც საგარეო სამსახური ახორციელებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

    “თავის დროზე, როდესაც ნაურუს მიერ გადაწყვეტილება იყო მიღებული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, ეს იყო საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება უკან ყოფილიყო წაღებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდში განხორციელებული მუშაობა, რისი შედეგიც არის დღევანდელი გადაწყვეტილება.

    პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ყველა დიპლომატს, ვინც არ იშურებს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობისთვის და, რა თქმა უნდა, ვუსურვო წარმატება ჩვენს ქვეყანას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში გადადგმულ ნაბიჯებში.

    ეს არის რთული პროცესი, არ არის მარტივი. ახლოვდება 2008 წლის ომის წლისთავი. ამ ომის შედეგი იყო სწორედ აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და სამწუხაროდ, ის საერთაშორისო შედეგები, რაც მოჰყვა ამ აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მხრიდან.

    ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ იყო მიღებული, უკან იყოს წაღებული და ასევე გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

    ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაურუმ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. უწყების ცნობით, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.

    მსგავსი სტატიები