შეუძლებელია, ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევითი იყოს, ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ -ირაკლი ფავლენიშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში „რუსოფობიის“ შესახებ გაკეთებული განცხადებები კრემლის ინტერესებს ემსახურება და აგვისტოს ომის წლისთავის წინ მსგავსი ნარატივის გავრცელება მიზანმიმართული პროპაგანდისტული კამპანიაა.
ფავლენიშვილის თქმით, ოკუპირებულ ქვეყანაში რუსოფობიაზე საუბარი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევითი ვერ იქნება და მიზნად ქართველი საზოგადოების ანტიოკუპაციური განწყობების შესუსტებას ისახავს.
„აგვისტოს ომის წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე ამ ნარატივის გავრცელება სწორედ ის არის, რაც კრემლს უნდა აწყობდეს და მის მიერ უნდა იყოს წაქეზებული. შეუძლებელია, ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევითი იყოს, ეს არის გამიზნული, მორიგი მენტალური და პროპაგანდისტული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თუმცა უნდა შეეგუონ, რომ ქართველ ხალხში ანტიოკუპაციურ განწყობებს ვერც დააჩლუნგებენ და ვერც დაანგრევენ“, - აცხადებს ფავლენიშვილი.
მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილია, როგორც ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი კრიტიკოსი, ამიტომ მისი რუსეთის მიმართ განსხვავებულ პოლიტიკასთან დაკავშირება „სრულიად არაადეკვატური პროპაგანდაა“.
ფავლენიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად მუშაობდა და ცდილობდა ეჩვენებინა, რომ რუსეთის მოსახლეობის მიმართ ქსენოფობიური დამოკიდებულება არ ჰქონდა. მისი თქმით, მაშინდელ ხელისუფლებას სწორედ ზედმეტი „ქსენოფობიური“ რიტორიკის გამო აკრიტიკებდნენ, ახლა კი იგივე პოლიტიკური ძალები საპირისპირო ნარატივს ავრცელებენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, იმ პერიოდში საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ რუსეთის მოსახლეობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს „მთავარი რუსოფობები“ არიან, აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე საქართველოში რუსი ტურისტების, რუსული კაპიტალისა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას მიესალმებოდნენ.